„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ გელა კვაჭანტირაძემ, ქვეყანაში შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, გააკეთა განცხადება:
„ქვეყანაში განვითარებული რთული პოლიტიკური პროცესების დინამიკა გვაჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების არაერთი გაფრთხილებისა, კვლავაც აგრძელებს აღებულ ანტიდემოკრატიულ კურსს და მის მიერვე შექმნილი ისედაც მძიმე პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას. საკუთარი დაპირების უტიფრად უკან წაღების და სამართლიანი საარჩევნო სისტემის ხელოვნურად ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების მიერ გრძელდება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიები - სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მათი უკანონო დაკავებები, ბრალდებების ხელოვნური ფაბრიკაცია, ხელისუფლების შეკვეთით იმიტირებული სასამართლო პროცესები და პოლიტიკურად მოტივირებული აშკარად უსამართლო სადამსჯელო გადაწყვეტილებები, რაც ქმნის მოქმედი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მიტაცების რეალურ საფრთხეს და ეჭვს ქვეშ აყენებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ნორმალურ, სამართლებრივ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.
გარდა ზემოთ აღნიშნული საგანგაშო პროცესებისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს ქვეყნის სასამართლო სახელისუფლებო შტოს მიტაცების პროცესს. მიუხედავად ფათო საზოგადოების მძაფრი პროტესტისა, მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში ერთხმად დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა ოდიოზური, ხელისუფლების მორჩილი კორპუსი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის, ევროპარლამენტარების, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებებს და მოწოდებებს.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი აშკარად დაადგა ძალაუფლების მიტაცების ძალიან საშიშ, ანტიდემოკრატიულ გზას. ის უკვე სრულად, ერთპიროვნულად აკონტროლებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და პრაქტიკულად ამთავრებს სასამართლო ხელისუფლების მიტაცების პროცესს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ის ეცდება ნებისმიერი არასამართლებრივი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ფაქტის წინაშე დააყენოს როგორც საქართველოს ამომრჩეველი, ისე მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ მიიჩნევს, რომ ქართული დემოკრატია ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას, ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებისგან მკაფიოდ გამიჯვნას და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების გადაუდებელ, აქტიურ მხარდაჭერას შეუძლია ქვეყანას თავიდან ააცილოს ის დიდი და ძალიან სახიფათო კატასტროფა, რომლის კონტურები პერმანენტულად სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება“.
მასალის გამოყენების პირობები






