დილიდან ხმაურია საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც პოლიციელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული, რომლებიც ოპოზიციას პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავები ოპოზიციის ლიდერების დაკავებას ცდილობენ.
პარლამენტთან იმყოფება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ნდობის მაჩვენებელი განულებული აქვს.
"ამ ხელისუფლებას ფაქტობრივად ხალხის მხარდაჭერა განულებული აქვს. ბიძინა ივანიშვილი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალაზე. ის იყენებს ტურებს, რომელიც გამოჰყავს ქუჩაში და ცდილობს დაუპირისპიროს მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ ახალგაზრდებს. ის ბოლომდე არ ენდობა ამ პოლიციელებსაც, რომლებიც დღეს იქნება თუ ხვალ დადგებიან ხალხის გვერდით, რადგან ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ასრულებენ უკანონო ბრძანებებს“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პოლიციაში არ დარჩა ადამიანი, ხელისუფლებამ ყველა სამართალდამცავი რუსთაველზე გამოიყვანა:
„ფაქტობრივად ისინი დღეს იცავენ იმ ინსტიტუტს, რომელსაც ჰქვია ხალხის რჩეულთა ინსტიტუტი. თბილისის პოლიციაში აღარ დარჩა რიგითი პოლიციელი, ყველა გამოყვანილია ქუჩაში, რომ პარლამენტი იქნას დაცული. შევარცხვინე ასე მიღებული გადაწყვეტილება“- აღნიშნა ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერის განმარტებით, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ძალიან სჭირდება ოდიოზური მოსამართლეების დანიშვნა, ისევე როგორც ბოლო დროს გახშირებული ძალადობის პროვოცირება.
„ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება დაამტკიცოს მოსამართლეები. სჭირდება გაანეიტრალოს ნიკა მელია, ივანიშვილს ძალიან სჭირდება გუშინდელი სამარცხვინო ფაქტი, რაც მოხდა უგულავასთან მიმართებით. ლამის მსოფლიო ჩემპიონი დაუპირისპირდა ადამიანს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მიერ იყო მიგზავნილი. საბოლოოდ კი სასამართლოს მიაღებინა გადაწყვეტილება და უგულავას წაუყენეს ბრალი.
დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმური ჩარჩოებიდანაა გასული. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ხელისუფლება თავის მოღვაწეობას აუცილებლად დაასრულებს" - დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






