დაკავების შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.
კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა , გელა ქარუმიძემ განაცხადა, რომ საკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო და ის მალევე გამოუშვეს.
„დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო. 15 წლის არის და ის მამასთან ერთად იმყოფებოდა. შესაძლოა, ტყეში შეშაზე იყვნენ. დანამდვილებით არ შემიძლია, გითხრათ. მოზარდი მალევე გამოუშვეს, ცხინვალში აღარ გადაუყვანიათ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა გელა ქარუმიძემ.
ლამისყანაში მცხოვრებ გიორგი ზარიძეს, სოფელ ბოჟამში მცხოვრებ მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებს დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. ისინი ცხინვალის ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრის უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).
„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აღნიშნავენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები






