ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში ბევრი “ვაი პატრიოტი“ ყველანაირ მშენებლობას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებული ძალისხმებით კი ებრძვის ჰესების განვითარებას. ამის შესახებ მან გამოცემა “ველური ბუნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ ჩემი პასუხი, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობების გარეშე შეუძლებელია იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ამ თუ იმ საზოგადოების ძირითადი სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვება, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებით.
ჩვენ არ ვართ ჰესების ან ზოგადად მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ საჭიროა დავიცვათ საერთაშორისო სტანდარტები როგორც გარემოსდაცვითი, ასევე უსაფრთხოების კუთხით.
გეთანხმებით და ამისთვის აუცილებელია წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მისი მოსალოდნელი ზემოქმედება და თუკი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების წინასწარი შეფასებების საფუძველზე, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებითი ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება.
ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ მაგიტომ უწოდებ მე იმ ხალხს „ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის.
გადავხედოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, მაგალითად ნორვეგია ელექტრომომარაგების 99%-ს ჰიდრორესურსებით იღებს და მიუხედავად არც თუ ისე დიდი ტერიტორიისა, წამყვანი პოზიციები უჭირავს არამარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით. მოწინავე პოზიციებზე არიან დაახლოებით ჩვენი ზომის სხვა ევროპული ქვეყნებიც, როგორებიცაა შვეიცარია და ავსტრია.
იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება ენერიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები. ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავითავისოთ სწორი პროექტირების პრინციპები. ის, რაც მოხდა ბაკურიანის ან გუდაურის განვითარებისას მოითხოვს სწორ ანალიზს და დაშვებული შეცდომების გააზრებას. აბასთუმანის შემთხვევაში ვცდილობთ პროექტირებას მეტი დრო დავუთმოთ და დარწმუნებული ვარ ეს შედეგზეც აისახება.
საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია/რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს"- აცხადებს ივანიშვილი გამოცემასთან.
მასალის გამოყენების პირობები






