„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ბ-ნ გელა კვაჭანტირაძემ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:
„პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის განმავლობაში გამოკვეთილი ტენდენციების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი და საგრძნობლად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის 2-ჯერ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, ხოლო ინფლაციამ საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია. კატასტროფულად მაღალია უმუშევრობის დონე. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გასულია და ისინი უცხოეთში არალეგალური მძიმე შრომის ხარჯზე ცდილობენ საკუთარი ოჯახების ფიზიკურ გადარჩენას. როგორც გამოირკვა, ხელისუფლებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და განვითარების არანაირი გეგმა არ გააჩნია. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბ-ნ ივანიშვილმა ტელეინტერვიუში ახლახანს განაცხადა, რომ მოსახლეობის დასაქმების პრობლემის გადაჭრა მათ უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში არ შეუძლიათ და ამიტომ გვთავაზობენ ე.წ. ცირკულარულ დასაქმების აბსურდულ სქემას, რომლის თანახმად, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის უმრავლესობამ (დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა) უნდა დატოვოს სამშობლო და წავიდეს უცხოეთში.
ხელისუფლების მიერ დაშვებული მთელი რიგი მძიმე შეცდომების შემდეგ, როგორც სჩანს ბ-ნ ივანიშვილს გაუჩნდა ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში და მან უკან წაიღო ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დადებული პირობა სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღებაზე, რასაც ფართო საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა!
შექმნილ სიტუაციაში, ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხებისთვის განწირულია. თუმცა, ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის მხოლოდ ერთი ნაწილია და ეს სრულიადაც არ არის საკმარისი. არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორმე თავი დავაღწიოთ ჩაკეტილ წრეზე ტრიალს, რისთვისაც საჭიროა ისეთი ხელისუფლების ფორმირება, რომელიც შეძლებს ქვეყანაში ღრმა სისტემური რეფორმების გატარებას და სიტუაციის რადიკალურად შეცვლას.
პირველ რიგში აუცილებელია, რომ პარტიებმა მოახერხონ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის „თამაშის წესებზე“ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია სამართლიანი საარჩევნო სისტემის და შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება.
იმისათვის, რომ ქვეყანა კვლავ დაადგეს სწრაფი განვითარების გზას, გვჭირდება ძლიერი, ძალიან მაღალი კომპეტენციის ხელისუფლება, რომელიც შეძლებს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით გაატაროს რადიკალური სისტემური რეფორმები და მოახდინოს გარღვევა. შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა:
· ქვეყანაში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა
· ქვეყნის ძალოვანი, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემების სტრუქტურულ-ფუნქციონალური რეფორმა; მათი დეპოლიტიზაცია
· ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა
· ქვეყნის მეცნიერების, ინოვაციების და განათლების სისტემური განვითარების თანამედროვე პოლიტიკის შექმნა
· განვითარებაზე ორიენტირებული, დაბალანსებული, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება
· ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შექმნა და ა.შ.“
მასალის გამოყენების პირობები






