ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ლაფანაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ამასთან მისივე განცხადებით, ექიმის ოჯახმა, კვირის ბოლოს, შესაძლოა, პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართოს.
ლაფანაშვილის თქმითვე ისინი დაკავების პირველ კვირას ელოდებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირებას.
გატაცებული მედიკოსის მეუღლის თქმით, გატაცების შესახებ პრესაში ინფორმაცია მხოლოდ მეხუთე დღეს გავრცელდა, მანამდე კი ოჯახი ფაქტს არ ახმაურებდა, რადგან შესაბამისი უწყებებიდან ჰქონდათ რეკომენდაცია, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავდა, ამას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობაზე იზოლატორში.
„ტყვეობის მეშვიდე დღეს გაგვაგებინეს, რომ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც მას მიესაჯა 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის კანონმდებლობის, 322-ე მუხლის მიხედვით. ეს არის საზღვრის უკანონოდ კვეთა. იმ დღესვე ჩავატარეთ სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველი აქცია. მე-8 დღეს, შაბათს, სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ვაჟა 2-3 დღეში გათავისუფლდებოდა. ეს მოლოდინი გრძელდება დღემდე.
ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დამოუკიდებლად მაქსიმალურად გავაქტიურდით,"- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
გაფრინდაშვილის ოჯახი ითხოვს ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი.
"ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული.
თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს,"- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






