ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს.
ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც საქართველოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან, "ევროპული საქართველოს", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ახალი საქართველოს" წარმომაგენლებს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იქნება ოპოზიციის იმ წინადადებების გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.
"ჩვენს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპარლამენტში ძალიან აღელვებთ ის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური ჩიხი რომელშიც დღეს ქვეყანა „ქართული ოცნების“ ტყუილმა შეიყვანა, ამიტომ მთავარი თემა იქნება ამ პოლიტიკური კრიზისის განხილვა და იმ წინადადებების მიწოდება, რომელიც ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ მოვამზადეთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაში ამიტომ ევროპარლამენტარების პოზიცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. “ქართული ოცნების“ ნაბიჯებმა ფუნდამენტალურად დააზიანა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ევროპარლამენტშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ ჩვენი ამოცანაა ვესაუბროთ ევროპარლამენტარებს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა შემცირდეს ის ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო ქართული ოცნების ტყუილის და პოლიტიკურ ჩიხში შეყვანილი პროცესის შედეგად," - აღნიშნა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






