თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ხუთი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში აცხადებენ, რომ ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული.
მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.
მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
მასალის გამოყენების პირობები






