დღეს ნინო ბურჯანაძე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე კოსაჩოვს შეხვდა.
პარალელურად კი რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ, რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტისას განვითარენული მოვლენების გამო.
რუსული მედიით გავრცელებულ ცნობას კატეგორიულად უარყოფენ ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურში.
როგორც "ნიუპოსტს" ჯილდა მაჭავარიანმა განუცხადა, რამდენიმე მედიასაშუალებამ დეზინფორმაცია გაავრცელა.
" რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. საუბრის თემა იყო ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამომოსვლის საკითხი. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა რამდენიმე გამოცემამ სცადა. რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა გავრილოვის ინცინდენტთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველჰყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბნატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია"- განაცხადა "ნიუპოსტთან" "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჯილდა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






