სჭირდება თუ არა საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება და რა რისკებს შეიცავს ეს საკითხი?! - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ გელა კვაჭანტირაძემ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" სააკაშვილის საკითხის აქტუალურობა არ მოხსნილა.
„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ე.წ. „სააკაშვილის საკითხის“ აქტუალობა დღის წესრიგიდან დღემდე არ მოხსნილა თავად პარტია „ქართული ოცნების“ და მისი ერთპიროვნული ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მმართველობის მთელი განვლილი შვიდი წლის განმავლობაში. ბ-ნი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან დაკავებულია ნაციონალურ მოძრაობასთან და მის ლიდერთან ბ-ნ სააკაშვილთან შეურიგებელი ბრძოლით და მისგან მტრის ხატის შექმნით.
დღეს უკვე ყველამ დაინახა თუ რა არის ივანიშვილის სიტყვის ფასი, რამდენად დიდია მისი უპასუხისმგებლობა და აშკარა მიდრეკილებები ავტორიტარიზმისკენ, რაშიც ის ბრალს სდებდა ბ-ნ სააკაშვილს მთელი ამ დროის განმავლობაში. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავი ვერ გაართვა დემოკრატიული მეთოდებით პოლიტიკურ კონკურენციას. ის ხშირად მიმართავდა და მიმართავს ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, შერჩევით სამართალს. მის ხელში ანგარიშსწორების იარაღად იქცა პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო" - ამბობს კვაჭანტირაძე.
და მაინც მთავარი კითხვა ალბათ ისაა, თუ რამდენად მართებულია და სჭირდება თუ არა საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება?
"ვფიქრობ, ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ბ-ნ სააკაშვილს აქვს რამდენიმე ძლიერი მხარე, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეებიც კი ვერ უარყოფენ და რომელიც უდავოდ ძალიან წაადგებოდა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და მის სწრაფ განვითარებას. ეს ფაქტორებია:
1. ბ-ნი სააკაშვილი დღევანდელ რეალობაში უდავოდ არის ყველაზე დიდი მასშტაბის ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთელს დემოკრატიულ სამყაროში.
2. ბ-ნი სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უნარი და გამოცდილება ქვეყანაში გაატაროს სწრაფი სისტემური რეფორმები, ქვეყანა გამოიყვანოს არსებული კრიზისიდან და დააბრუნოს ინტენსიური განვითარების გზაზე.
3. ბ-ნი სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უნარი და ენერგია, რომ საქართველოში რუსული ექსპანსიის მოძალების პრობლემა, უკრაინის საკითხთან ერთად, კვლავ აქციოს მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხად და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად მოახდინოს რუსეთის აგრესიის შეკავება.
4. ბ-ნი სააკაშვილი არის ქვეყანაში ყველაზე დიდი და ძლიერი პარტიის ლიდერი და მის გარეშე ივანიშვილის ავტორიტარული, საერთაშორისო მასშტაბით სახელგატეხილი და უუნარო ხელისუფლების შეცვლა ისედაც შეუძლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დაბრუნების საჭიროება, მისი პოტენციალის შეფასებიდან გამომდინარე, თითქოს ეჭვს არ იწვევს, მაინც რა თქმა უნდა ჩვენ არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ წარსულის მწარე გამოცდილება, მისი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები და მიდრეკილებები ავტორიტარული მმართველობისკენ, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა მისი პრეზიდენტობის მეორე ციკლის ბოლოს.
ვფიქრობ კითხვა პირდაპირ უნდა დავსვათ: შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილის „ნდობა“, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ის აღარ გაიმეორებს იმ ნეგატივს, რაც მან დაუშვა ხელისუფლებაში ყოფნის დროს?
ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა ნეგატიურია!!!
ჩვენ უპირობოდ ვერ ვენდობით ვერც სააკაშვილს, ვერც ივანიშვილს და ვერც ვერავის, რომ ის თავად, მხოლოდ საკუთარი „კეთილი ნებით“ დაძლევს საკუთარ ავტორიტარულ მიდრეკილებებს, რომ ის არ დაუშვებს ოპონენტებზე არაკანონიერ ზეწოლას და არ ეცდება ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციას. უფრო მეტიც, კონსტიტუციური სამართალი და დემოკრატიული ქვეყნების მთელი განვლილი გამოცდილება გვასწავლის ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომ
ნებისმიერი ხელისუფლება გახდება ავტორიტარული და გადაგვარდება, თუ მას საშუალებას მივცემთ საკუთარ ხელში მოახდინოს ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია!
სწორედ ეს დაემართა ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლებას, მათ შორის ბ-ნ შევარდნაძეს, ბ-ნ სააკაშვილს, ბ-ნ ივანიშვილს და რა თქმა უნდა ეს კვლავაც დაემართება ყველა მომდევნო ხელისუფლებას, თუ ჩვენ არ გამოვიჩენთ მეტ გონიერებას და ვერ შევძლებთ, რომ მომავალი ხელისუფლება ჩავსვათ ძალაუფლების განაწილების და ბალანსის სწორ ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოში.
ასე რომ, ივანიშვილის მთელი ეს შვიდ წლიანი პროპაგანდა, რომ თითქოს სააკაშვილის ხელისუფლება იყო „ბოროტი“, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის „კეთილი“და ა.შ., არის - ან, ბ-ნი ივანიშვილის მიერ სახელმწიფო და კონსტიტუციური სამართლის ანბანის არცოდნა, ან გამიზნული პროპაგანდა, რომლითაც მან მოახერხა საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.
არსებობს ძალაუფლების უზურპაციისგან დაზღვევის ერთადერთი გზა: ოპოზიციური ძალები არჩევნებამდე უნდა შეთანხმდნენ ძალაუფლების უზურპაციის პრევენციის სისტემური - ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმების შემოღებაზე, რომელიც უნდა წარედგინოს საზოგადოებას და ახალი ხელისუფლების ფორმირებასთან ერთად უნდა აისახოს კონსტიტუციაში, რომელსაც გარანტად დაუდგება როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება.
თუ ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციისგან დაზღვევის ძლიერი სისტემა შეიქმნება (და ეს საქმე ყველა შემთხვევაში გასაძლიერებელი და ბოლომდე მისაყვანია), მაშინ კონკრეტული პერსონების მიმართ საზოგადოებაში არსებული „ლეგიტიმური შიშები“ რა თქმა უნდა ბუნებრივად მოიხსნება, მითუმეტეს რომ ქვეყანაში უკვე გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმა. ხოლო სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნით გზა რეალურად გაეხსნება მრავალპარტიულ დემოკრატიულ მმართველობას" - აცხადებს კვაჭანტირაძე.
მასალის გამოყენების პირობები






