ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სასტუმრო "ბილტმორში" შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
როგორც შეხვედრამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, შეხვედრაზე არამხოლოდ "გერმანულ მოდელზე" არამედ, "გავრილოვის ღამის" პატიმრებზეც იქნება საუბარი.
„ძალიან უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ამ მოთხოვნის უკან იდგნენ, ისინი არ დაპატიჟეს ჩვენი მიმართვის მიუხედავად. მას შემდეგ, რაც შეცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ არანაირ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და გერმანულ მოდელზე, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალაო. უამრავი პრობლემა და საკითხია დასასმელი ივანიშვილის ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, ეს არის იმ დაპირების შესრულება და გერმანულ მოდელზე გადასვლა. აქ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წინადადება. მეორე არის პოლიტპატიმრების საკითხები, „გავრილოვის ღამის" შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის საკითხები, რაც იქნება არსებითი ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება. აქეთკენ სვლას სჭირდება ის ნაბიჯები, რომელზეც მე ვისაუბრე" - აღნიშნა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






