ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სასტუმრო "ბილტმორში" შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
როგორც შეხვედრამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ის მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს, რომ იტვირთეს იმ დიალოგის ორგანიზება.
"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთრებით ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ თავის თავზე იტვირთეს ეს ძალიან მძიმე მისია, დაიწყეს ორგანიზება ამ დიალოგის, რაც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში მოაწყო ხელისუფლებამ აიპების, სიპების და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების მეშვეობით ჩვენ ოფისებთან, რაღაც დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად. ჩვენ კომპრომისული ნაბიჯები გადავდგით, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს. ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი. ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის. საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ რაც შეგვეხება, ვერავინ დაადანაშაულებს ოპოზიციურ პარტიებს იმაში, რომ ჩვენ დიალოგზე არ დავთანხმდით ან დიალოგი ჩავშალეთ" - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






