კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობების პროექტი შეაფასა.
მისი თქმით, თუკი ვინმეს აღნიშნულ საარჩევნო პროექტის არაკონსტიტუციურობაში ეჭვი ეპარება შეუძლია სასამართლოში იდავოს.
"თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროექტის არაკონსტიტუციურობაში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იდავოს არაკონსტიტუციურობაზე. მთავარი არსი ამ კანონპროექტის არის ის, რომ ამ მოდელის მიხედვით, პარტიის კუთვნილი მანდატების რაოდენობა განისაზღვრება 150-ის იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტის ხმაც მიიღო ამ პარტიამ. დღეს მოქმედ კანონში, ეს პროცენტი განისაზღვრება 77 მანდატიდან და შესაბამისი რაოდენობის მანდატებს ემატება მაჟორიტარულ ოლქში მიღებული მანდატები. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მოდელი ამბობს შემდეგ რამეს, თუ პირობითად პარტიამ მიიღო ხმების 30%, მას ეკუთვნის 45 მანდატი, (150-ის 30%) თუ ამ პარტიამ მოიგო 30 მაჟორიტარული ოლქი, ამ 30-ს კი არ დაემატება 45, 30-ს დაემატება მხოლოდ 15, რომ პარტიის მიერ ჯამურად აღებული მანდატების რაოდენობა არ აღემატებოდეს ამომრჩეველთა იმ პროცენტს, ვინც მას მხარს უჭერს. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი შედგება 73 მაჟორიტარული წესით არჩეული და 77 პროპორციული წესით არჩეული წევრისაგან. მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით" - აღნიშნა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






