ევროპარლამენტში მმართველმა გუნმა საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები - სონღულაშვილი და ბერაია გაგზავნა, რათა ევროპარლამენტარები ხელისუფლების ქმედების მართებულობაში დაერწმუნებინათ.
ევროპარლამენტარები კი აცხადებენ, რომ მმართველმა გუნმა ხალხისთვის მიცემული დანაპირები არ შეასრულა, რის გამოც მოსახლეობას აქვს უფლება მმართველი გუნდის ეს ქმედება გააპროტესტოს.
"შეშფოთებას იწვევს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს იმიჯი ნამდვილად არ ხდება უკეთესი“ - განაცხადა ტვ „ფორმულასთან“ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუ კუბილიუსმა.
„რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდსა და მის ლიდერებს, რადგან ეს კრიზისი შეიქმნა იმის გამო რომ დაპირება არ შეასრულეს. მოვუწოდებ მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს გამოიჩინონ ინიციატივა და მოძებნონ გზა ოპოზიციასთან სტრატეგიული კომპრომისის მისაღწევად, რათა არ დაზიანდეს საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ასე გვაღელვებს",- აცხადებს კუბილიუსი.
ევროპარლამენტის კიდევე ერთი წევრი კი ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი აქვს და ამ ძალას შეუძლია რუსული სტანდარტების შეჩერება.
"ქართული საზოგადოება კვლავ ფხიზლდება სრულყოფილი დემოკრატიის სურვილით. მმართველმა პარტიამ არ შეასრულა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება და ეს გახდა ქუჩაში ხალხის გამოსვლის, საპროტესტო აქციების დაწყებისა და ოპოზიციის უკმაყოფილების საბაბი. საზოგადოებას სურს, რომ შესაბამისად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და აღარ სურს "ქართული ოცნების" მმართველობა იდგეს ქართველ ხალხზე მაღლა. პროტესტი ლეგიტიმურია საზოგადოების ამ ნაწილს სურს დასავლური დემოკრატიის მოდელი და ეს იმის ნიშანია, რომ შესაძლოა არსებობდეს ძალები რომელთაც აქვთ უნარი შეაჩერონ საქართველოში რუსული სტანდარტებისკენ სვლა",-აცხადებს იაცეკ-სარიუშ ვოლსკი.
მარინა კალიურანდის თქმით კი, ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საჯაროა.
"საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ღია განცხადება გავაკეთე. ის ევროპარლამენტის გვერდზეც გამოქვეყნდა და საჯაროა. რა თქმა უნდა განვიხილავთ საქართველოს შიდა მოვლენებს, ასევე მომავალ თანამშრომლობას ევროპარლამენტთან",- აღნიშნავს კალიურანდი.
წყარო: formulanews.ge
მასალის გამოყენების პირობები






