დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა - მესამე სექტორი
პოლიტიკა - 16:30, 21 Nov, 2019     1014

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.

მესამე სექტორის ერთობლივი განცხადებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. კერძოდ:


  • მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი ათეულობით მოსამართლეა და ამგვარ საქმეთა განხილვა შემჭიდროვებულ ვადებს მოითხოვს, 37 საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს ვალერიანე ფილიშვილს დაევალა, ამან კი, სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია;

  • სამართალდამცავებმა პრობლემური საფუძვლებით მიიღეს დემონსტრანტების დაკავების გადაწყვეტილება. ამავდროულად, პროცესების დაგვიანების გამო, დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების ვადები და დაკავებული პირების ნაწილი 19 ნოემბერს უკვე უკანონოდ იმყოფებოდნენ თავისუფლებაშეზღუდულები. საბოლოოდ, 20 ნოემბერს, გვიან ღამით, მოსამართლე იძულებული გახდა დაკავებულები გაეთავისუფლებინა და საქმეთა განხილვა მეორე დღისთვის გადაედო.


  • საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე ცალმხრივად ზღუდავდა დემონსტრანტების ადვოკატების შესაძლებლობებს სრულფასოვნად მოეხდინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა;

  • ადვოკატებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლეოდათ საქმის გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად;

  • ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატებს მხოლოდ ორი წუთი გამოეყოთ პოზიციების წარმოსადგენად;


  • პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევაში პოლიციამ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები;


  • საქმეებში ძირითადად დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები იყო წარდგენილი და იშვიათ შემთხვევაში, მედიის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, თუმცა ამ მასალაშიც პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაკავებული პირების ამოცნობას და კონკრეტულად იმის მითითებას, თუ რა ქმედების გამო მიიჩნეოდნენ ისინი სამართალდამრღვევებად;


  • ერთ საქმეში პოლიციელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება თავადაც არ ჰქონდა ნანახი;


  • აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებაში მონაწილე არც ერთმა პოლიციელმა სასამართლოში არ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ჩანაწერი ჰქონდათ და პოლიციელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირდა დაკავების მომენტის აღწერა;


  • მოსამართლე წყვეტდა საქმეს და გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა ოთახიდან, როგორც ჩანს ინსტრუქციის მისაღებად;


  • გაუგებარი იყო მოსამართლის მიერ გამოყენებული სანქციების შერჩევის პრინციპი, პატიმრობების გამოყენება მოხდა 3-დან 13 დღის შუალედში, თუმცა რა ლოგიკით მოხდა კონკრეტული დღეების რაოდენობის განსაზღვრა ამ დრომდე გაუგებარია. განსაკუთრებით მკაცრი იყო სასჯელები აქციის ორგანიზატორების მიმართ.


საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არ არსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა:


  1. გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა 12 დღე.

  2. ბექა ბასილაია - პატიმრობა 13 დღე.

  3. ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა 12 დღე.

  4. ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა 7 დღე.

  5. ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა 4 დღე;

  6. დავით მჟავანაძე - პატიმრობა 4 დღე.

  7. ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა 13 დღე.

  8. დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა 3 დღე.

  9. გიორგი ბუნტური - პატიმრობა 5 დღე.

  10. ლუკა ჭიჭინაძე - პატიმრობა 5 დღე.

  11. პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა.

  12. გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო. იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ამავდროულად, ბუნდოვანია გამოყენებული სასჯელების განსაზღვრის ლოგიკა. ტენდენციამ აჩვენა, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბრის აქციაში იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა და რიგ შემთხვევებში იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

მოვუწოდებთ, მმართველ პარტიას და მათ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საზოგადოება და ბანკები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ცენტრი "ემპათია"

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი

მწვანე ალტერნატივა

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42