ქვეყანაში მიმდინარე მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ბ-ნ გელა კვაჭანტირაძემ ასოციაციის სახელით განცხადება გააკეთა.
"მიუხედავად ქვეყნის ოპოზიციური ძალების ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის არაერთი მცდელობისა - შესთავაზოს ხელისუფლებას კომპრომისული წინადადებები იმ კრიზისის დასაძლევად, რაც გამოწვეულია თავად ხელისუფლების მიერ დაპირებული საარჩევნო კანონმდებლობის მიღების ჩაგდებით, ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებს კომპრომისზე და ჯიუტად აგრძელებს რიგ დესტრუქციულ ქმედებებს:
1. საქართველოს ხელისუფლება ახდენს - საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების, საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლების და ექსპერტების მოწოდებების სრულ იგნორირებას ქვეყანაში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით მოგვარების აუცილებლობის თაობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ მოძებნოს გზა რათა შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება და ამით აღიდგინოს დაკარგული ნდობა, რაც შესაძლებელია ოპონენტებთან მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის და მშვიდობიანი კომპრომისების გზით, ხელისუფლება იწყებს მოძრაობას სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რითაც ამწვავებს ისედაც საკმაოდ რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას.
2. ხელისუფლების მიერ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის პარლამენტში ჩაგდების შემდეგ, მიუხედავად ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კომპრომისული საკანონმდებლო ვარიანტებისა, ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება და მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ძველი, შერეული საარჩევნო სისტემით.
3. ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად, ხელისუფლება, თავისი ვითომ დაუმორჩილებელი მაჟორიტარი დეპუტატების ხელით, იწყებს საარჩევნო კანონმდებლობის სრულ მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანის წინადადების ინიცირებას და ამ თემის საჯარო განხილვების იმიტაციას, რაც სიტუაციის გამწვავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
4. ხელისუფლება ძალის გამოყენებით ახდენს საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას და მყარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ახდენს სამოქალაქო აქტივისტების ლიდერების დაკავებას.
5. დაკავებული აქტივისტების ლიდერების მიმართ, სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევებით, იმართება სასამართლო პროცესები. სახელმწიფო ბრალდების მხარე ეყრდნობა არა მყარ ფაქტებს, არამედ მათ მიერ „მოძებნილი“ პოლიციელის ძალიან არადამაჯერებელ სიტყვიერ ჩვენებას და აქციის მონაწილეებისთვის „კონვეიერული წესით“ გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი - სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა. უფრო მეტიც, სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთ აქტიურ ლიდერს გიორგი რურუას, დაუსაბუთებელი და ძალიან არადამაჯერებელი, მძიმე ბრალდებით, სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევებით, სასწრაფოდ აკავებენ და უსჯიან წინასწარ პატიმრობას, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების ხელისუფლებისადმი უნდობლობას და ამყარებს პოლიტიკურად მოტივირებული, შერჩევითი სამართლის გამოყენების ისედაც საფუძვლიან ეჭვებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება არ ცდილობს ოპოზიციურ ძალებთან და საზოგადოებასთან მის მიერვე შექმნილი კონფლიქტის კონსტრუქციულ, მშვიდობიან მოგვარებას, რაც იწვევს ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის უნდობლობის გაღრმავებას და დაძაბულობის ესკალაციას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ამ არაკონსტრუქციულ ქმედებათა მთავარი მიზეზია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, მათ მიერ ძალაუფლების დაკარგვის შიში, რასაც ადასტურებს სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების შედეგები, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ მმართველი პარტიის ნდობის რეიტინგი უკვე ძალიან მიუახლოვდა ქვედა კრიტიკულ ზღვარს.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან, კომპრომისულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ხელისუფლების და ასევე მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა ის, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები დაბრუნდეს ნორმალურ, კონსტრუქციულ კალაპოტში, ხოლო მომავალი არჩევნები ჩატარდეს უფრო სამართლიან და მშვიდ პირობებში, რათა შესაძლებელი იყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოხატვა."
მასალის გამოყენების პირობები






