"ფრეგოს" მთავარი ინვესტორი: „შეკერილი“ საქმის საფუძველზე დამადეს ხელბორკილები და მომათავსეს საპატიმროში"
პოლიტიკა - 16:55, 20 Nov, 2019     1596
კომპანია "ფრეგოს" მთავარი ინვესტორი, ბიზნესმენი გიორგი თოფჩიშვილი ღია წერილში წერს, რომ მის მიმართ ბრალი "შეკერილია", რის გამოც მე-4 თვეა, საპყრობილეშია.


მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან წნეხისა და ზეწოლის პირობებში კომპანია "ფრეგო" გაკოტრებამდეა მიყვანილი.
„ფრეგო“ დაფუძნდა 2013 წელს და იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ხელი შეუწყო ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მონოპოლიური სიტუაციის შეცვლას კონკურენტული გარემოთი. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მიუხედავად საერთაშორისო ნავთობპროდუქტების გიგანტურ კომპანიებთან არსებული კონკურენციისა, „ფრეგო“ განვითარდა და მისმა გასამართ სადგურებმა 80 ერთეულს მიაღწია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ფრეგო“ მომხმარებლებს აწვდიდა ევრო-6 სტანდარტის საწვავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება საქართველოში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის საწვავზე გადასვლა.
2018 წლიდან შეიქმნა არაჯანსაღი კონკურენცია კონტრაბანდული და ე.წ. დღგ-იანი პროდუქციის გავრცელებით საწვავის ბაზარზე, ამის გამო აღვმოჩნდით არათანაბარ ეკონომიკურ პირობებში და მოგვიწია ფრეგოს ქსელის შემცირება 40 ავტოგასამართ სადგურამდე.
როცა ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო გამოძიება ამ არალეგალური საწვავის ბაზარზე გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმეთ აღნიშნულ გარემოებას. როცა პირადად მე დამიკავშირდა გამომძიებელი და მთხოვა ჩვენების მიცემა საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, მიუხედავად იმისა რომ მე ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ ჩამოვედი საქართველოში. სამწუხაროდ მე აღვმოჩნდი რეალობაში, როცა ჩემ მიმართ „შეკერილი“ საქმის საფუძველზე დამადეს ხელბორკილები და მომათავსეს საპატიმროში სადაც უკვე მე-4 თვეა ვიმყოფები. პარალელურად მოხდა „ფრეგო“-ს ანგარიშებისა და ქონების დაყადაღება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია კომპანიის მუშაობის გაჩერება.
ამჟამად ჩემგან ითხოვენ იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც არ ჩამიდენია.
ამასობაში კომპანია „ფრეგო“-მ, რომელმაც გაუძლო საერთაშორისო გიგანტებთან კონკურენციას, არალეგალურ საწვავთან კონკურენციას და საქართველოში ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა უამრავ პრობლემას, ვერ გაუძლო ზეწოლას სახელმწიფოს მხრიდან.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მიმართვების სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, კომპანიას არ მიეცა საშუალება გაეგრძელებინა მუშაობა, თუნდაც მინიმალური დატვირთვით. სახელმწიფოს მხრიდან უსაფუძვლო და გაუმართლებელმა ყადაღებმა, გაუმართლებელმა წნეხმა „მიაღწია მიზანს“ და გააჩერა ბაზარზე მყოფი ერთ - ერთი კონკურენტული მოთამაშე ნავთობკომპანია.
კომპანია „ფრეგო“ ვეღარ ასრულებს თავის ვალდებულებებს და მიყვანილია გაკოტრებამდე. ამის შედეგად, სამსახური დაკარგა 400-მდე ადამიანმა და ჩვენი გუნდის მრავალწლიანი ძალისხმევა, შრომა და მრავალმილიონიანი ინვესტიცია წყალში გადაიყარა.
აღსანიშნავია, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში „ფრეგო“-ს მიერ 40 მილიონ ლარამდე აქვს გადახდილი გადასახადების სახით. შესრულებულია მრავალი საქველმოქმედო და ინოვაციური პროექტი.
უნდა ითქვას ისიც რომ მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე დიდი ხანია რაც ვცხოვრობ საზღვარგარეთ და ვარ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე, ამ წლების განმავლობაში ძირითად ინვესტიციებს ვანხორციელებდი საქართველოში, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში.
სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ინვესტიციის განხორციელება ქვეყანაში, სადაც დღემდე ადამიანი ადვილად შეიძლება გახდეს ზეწოლის ობიექტი სახელმწიფოს მხრიდან.
გამოძიებამ და პროკურატურამ, რომლებმაც შესანიშნავად იციან რომ ბიზნესმენისთვის ციხეში ყოფნა ნიშნავს ბიზნესის დაღუპვასა და რეპუტაციის შელახვას, ზემოქმედების მიზნით მიმართავენ ზეწოლის ამ ფორმას - პატიმრობაში დატოვებას.
მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მე - გიორგი თოფჩიშვილს დღგ-სთან დაკავშირებული სქემით არასოდეს მიმიღია უკანონო შემოსავალი და არ დამიზარალებია სახელმწიფო ბიუჯეტი.
ვითხოვ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას, ჩამაყენონ თანაბარ პირობებში პროკურატურასთან და მომცენ საშუალება ჩემს გუნდთან ერთად ზეწოლის გარეშე დავამტკიცოთ ეროვნულ სასამართლოშივე ჩემი უდანაშაულობა. ამისთვის ყველა ობიექტურ და მიუკერძოებელ დამკვირვებელს, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს, საერთაშორისო სავაჭრო პალატების წარმომადგენლებს ვთხოვ მონიტორინგი გაუწიონ ჩემს სასამართლო პროცესებს, რათა ყველამ ერთად, საერთო ძალისხმევით არ დავუშვათ უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვა და უკანონობის წახალისება.", - წერს "ფრეგოს მთავარი ინვესტორი ღია წერილში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42