დიმიტრი ხუნდაძე, მაჟორიტარი დეპუტატების ჯგუფის სახელით, ახალი ინიციატივით გამოდის და სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამის შესახებ მან საკუთარი მოსაზრება ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებულნი ვართ, უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს“ ,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
„მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით. სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს“ - წერს ქართული ოცნების დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები






