ქარდავა აღნიშნავს, რომ რუსთაველზე პიკეტირების იმიტირებისთვის არავინ მისულა და დაწყებული ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლით დასრულდება.
"რას არ მოსწრებია რუსთაველის გამზირი და რა არ მინახავს, სწორედ ამ გამზირმა მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, პროტესტის შედეგად, დამოუკიდებლობა და შემდეგ სახელმწიფოებრიობა ააშენა. პირველად გავიგე, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა არაკაცობისა და უწესობის გასაპროტესტებლად. ამ არაკაცობისა და უწესობის უკან იმალება ის მთავარი საფრთხე, რაც ქართულ სახელმწიფოს ემუქრება - რუსეთისთვის ჩაბარება და ქართველი ხალხის იგნორის ფონზე ივანიშვილის დიქტატურის დამყარება.
ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ მოსული, რომ პიკეტირების იმიტაცია გავაკეთოთ. მინდა ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ - რადგან სასწორზე დევს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მეორე მხარეს არის რუსეთისთვის ჩაბარებული საქართელო.
აქვე ქართველი ხალხისგან გამოტყორცნილი გზავნილი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - გადამგდები უნდა გადავაგდოთ! ეს ქართველი ხალხის მყარი გადაწყვეტილებაა და ივანიშვილი რუსთაველზე იმაზე მეტ ადამიანს უნდა ელოდოს ვიდრე დღეს იყო"- განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, იმის გამოძახილია, თუ რა განწყობაა ქართველ ხალხში.
"ქართველ ხალხში თვქენ ვერ იპოვით მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერს. ხალხში არის პროტრესტი და ეს ხალხი ნელ-ნელა გამოდის ქუჩაში. მარტივ მაგალითს გეტყვით, დღეს პარლამენტი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან ქართველი ხალხის წარმომადგენლები. წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია და ეს შეუქცევადი პროცესია. ივანიშვილს ოპოზიციამ შესთავაზა მთავრობის წასვლის ფონზე ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რითაც შესთავაზა მშვიდობიანად, დემოკრატიული გზით ამ პროცესის დასრულება და ხელისუფლებიდან წასვლა. ახლა ივანიშვილის ჯერია - გადააყოლებს ამ ყველაფერს საკუთარ თავს და სახელმწიფოს თუ იაზროვნებს სახელმწიფოებრივად და მიიღებს მშვიდობიან გადაწყვეტილებას"- დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






