"დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის" თავმჯდომარე გელა კვაჭანტირაძე 17 ნოემბერს, პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია" უკიდურესად შეშფოთებულია მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის მიერ საზოგადოებისთვის საჯაროდ მიცემული პირობის დარღვევით - მხედველობაში გვაქვს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, რამაც მთელი პოლიტიკური სპექტრის და ფართო საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია,
მიგვაჩნია, რომ მომხდარ ქმედებასთან დაკავშირებით სრულიად არადამაჯერებელი იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ თითქოს ეს არ ყოფილა მათ მიერ მიზანმიმართულად გათამაშებული პოლიტიკური სპექტაკლი.
უფრო მეტიც, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის სახელით პირდაპირ გვამცნო, რომ მათ მიერვე შექმნილ ამ კრიზისულ სიტუაციაში, მათთვის არანაირი კომპრომისული ვარიანტი ან რაიმე სხვა გამოსავალი მისაღები არ არის და რომ მათი გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ადასტურებს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიერ წინასწარ ჩაფიქრებულ არაკეთილსინდისიერ განზრახვას, რომელიც მათ განახორციელეს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდებით. ადრე დადებული პირობის დარღვევის მიზეზი რა თქმა უნდა ისაა, რომ მათ დაკარგეს ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და კარგად იციან, რომ თუ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, მაშინ ისინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად წააგებენ.
ქართული ოცნების და მისი თავმჯდომარის მიერ ჩადენილი ეს აშკარა თაღლითობა კიდევ უფრო გამოაშკარავდა ქართული ოცნების ზოგიერთი პარლამენტის წევრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებებით. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს აზრი: არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური განცხადება, არც ევროკავშირის ელჩის შეშფოთება, არც საქართველოს მეგობარი ამერიკელი კონგრესმენების მოწოდება და ა.შ.
სრულიად აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის არაფორმალური მმართველის - ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ, ხელისუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნების მცდელობისკენ სვლას. ამ ქმედებით მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის პრაქტიკულად ყველაფერზე არიან წამსვლელი და არ აინტერესებთ არც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება, არც მსოფლიოს დემოკრატიული სამყაროს - ჩვენი ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების აზრი და არც იმ საკუთარი დეპუტატების აზრი, რომლებმაც კრიტიკულ მომენტში გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და პროტესტის ნიშნად დატოვეს პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საპარლამენტო პოსტები.
ბატონებო, სრულიად აშკარაა, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და მის გარემოცვა დაადგა იმ საშიშ და უპერსპექტივო გზას, სადაც მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოსახლეობის და მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი იმედი. ეს არის გზა, რომელსაც მივყავართ ტირანიის, რეპრესიების და საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობისკენ, რომლის გენერალური რეპეტიცია მათ გვიჩვენეს 20 ივნისის იმ ავადსახსენებელ ე.წ. „გავრილოვის ღამეს“.
ძვირფასო მეგობრებო, ვფიქრობ უკვე ყველასთვის ნათელია რა დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყანა არაფორმალურმა მმართველმა და მისმა კლანმა. ერთადერთი გზა მათ შესაჩერებლად და მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად, არის ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ძალების სრული კონსოლიდაცია და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მასშტაბურ გამოსვლას შეუძლია წინ აღუდგეს და აიძულოს ხელისუფლება უარი თქვას ძალაუფლების მიტაცებაზე, მოსახლეობის თავისუფალი ნების იგნორირებაზე, რათა ქვეყანა კვლავ დაუბრუნდეს ნორმალურ, დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია ყველანი შევიკრიბოთ 17 ნოემბერს 3 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ საერთო-სახალხო საპროტესტო აქციაზე და ვუთხრათ ხელისუფლებას, მის მიერ არჩეულ ავანტურისტულ გზას - არა!
კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს თავისი სტრატეგიული არჩევანი: ესაა თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების ევროპული და ევრო-ატლანტური გზა და ეს არჩევანი არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება!" ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






