"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის თანახმად უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.
მისი თქმით, ე.წ გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას რომელიც დღეს გაგვაჩნია.
„საკმაოდ წინააღმდეგობრივი კენჭისყრის შემდეგ, ყველას ჰქონდა სურვილი, რომ გამოგვეთქვა ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით. მთავარ თემაზე, რაზეც მივედით, საკმაო წუხილი გამოითქვა იმის გამო, რომ უმრავლესობა თორმეტმა ადამიანმა დატოვა. მყარად ითქვა, რომ უმრავლესობა სჭირდება არამარტო „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სჭირდება სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის.
ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






