ლიეტუველმა ევროდეპუტატმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა. ის იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება იპოვიან გზას კომპრომისისთვის, რათა 2020 წლის არჩევნები ისე ჩატარდეს, როგორც მმართველი პარტია ხალხს დაჰპირდა.
"შეშფოთებას იწვევს მოვლენების ამჟამინდელი განვითარება საქართველოში, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო შესწორება პარლამენტის მიერ უარყოფილია.
საკონსტიტუციო შესწორება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო, რადგან საჭირო 113 მომხრის ხმა ვერ შეგროვდა.
სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო მხარი დაეჭირა მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა იყო ქართველი ხალხის მოთხოვნა და პარლამენტმა თავის ამომრჩეველს არ მოუსმინა.
თუმცა, მე ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ვიმედოვნებ, პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და კომპრომისს იპოვის.
ჩემი სურვილიც და შეთავაზებაც ასეთია – ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოიძებნოს გამოსავალი, რათა ზაფხულში დადებული პირობა შესრულდეს და შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, რაზეც პირობა საქართველოს მთავრობამ დადო და რასაც ყველა პოლიტიკური მოთამაშე დაეთანხმა", - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
შეგახსენებთ, ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუველი ევროდეპუტატი და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეა.
მასალის გამოყენების პირობები






