"დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის" თავმჯდომარე გელა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია უკიდურესად შეშფოთებულია მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის მიერ საჯაროდ დაპირებული საარჩევნო რეფორმის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, რამაც მთელი პოლიტიკური სპექტრის და ფართო საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია.
"მიგვაჩნია, რომ მომხდარ ქმედებასთან დაკავშირებით სრულიად არადამაჯერებელია მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ თითქოს ეს არ ყოფილა მათ მიერ მიზანმიმართულად გათამაშებული პოლიტიკური ქმედება.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი უპრინციპო და არაეთიკური თამაშის წესების შემოტანა ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიის ნორმალური განვითარების პროცესს და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანის საერთაშორისო იმიჯს, რასაც ადასტურებს მთელი ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებული საპროტესტო განცხადებებიც.
დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას და მის თავმჯდომარეს დაუყონებლივ მოძებნოს სათანადო სამართლებრივი გზა და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ შეასრულდეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მათ მიერვე გაცემული დაპირება, რათა პროცესი დაბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ფორმატში," - აცხადებს გელა კვაჭანტირაძე.
მასალის გამოყენების პირობები






