დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავენ, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე - ოპოზიციის მიერაა ინიცირებული.
მისი თქმით, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემა არ ჩავარდა, "2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება".
„გუშინწინ ესპანეთში ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ მორიგი რიგგარეშე არჩევნები იყო და შედეგი ვერც ერთმა პარტიამ მაინც ვერ დადო. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება არ ეყოლება. ჩვენც მომავალში ნორმალური ხელისუფლება არ გვეყოლება, როდესაც გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ვთვლი, რომ პრაქტიკულად არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია კანონპროექტს მათ მხარი დაუჭირონ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად ამ პროექტს მხარს არავინ უჭერს. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის სერიოზული საკითხები გადასაწყვეტი მხოლოდ ჩემს გონებას და გულს ვუსმენ. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და პროექტი ჩავარდება. ყველამ უნდა გაიაზროს რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება”, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
"ქართული ოცნების" მიერ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც 93 დეპუტატი აწერს ხელს, პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.
ოპოზიცია კი თავის კანონპროექტში ნულპროცენტიანის ნაცვლად, სამპროცენტიანი ბარიერის ამოქმედებასა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითხოვს.
ხელისუფლების ოპონენტებ იმ დათმობაზეც მიდიან, რომ მხარი დაუჭირონ "ოცნების" კანონპროექტსაც, რადგან მათი თქმით, ოპოზიციისა და საზოგადოების მონაპოვარი სწორედ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა.
მასალის გამოყენების პირობები






