სტუმრად ოკუპირებულ სოხუმში: "მინდოდა ქართულად წარმომეთქვა... ამ სიტყვებისთვის ტყვიაც კი საამური იქნებოდა....“ - აფხაზური ქორწილის ისტორია (ფოტოები სოხუმიდან)
პოლიტიკა - 17:20, 10 Nov, 2019     5535

ერთი დღე ოკუპირებულ აფხაზეთში - როგორია ცხოვრება ენგურს გაღმა საქართველში და როგორ ხვდებიან აფხაზურ ქორწილში ქართველებს ომის შემდეგ. 27 წლის შემდეგ, სპეციალური რეპორტაჟი "ნიუპოსტისთვის" ოკუპირებული სოხუმიდან.


როცა გავიგე, რომ ქორწილი სოხუმში ჩატარდებოდა, ჩავთვალე, რომ მე იქ ვერ მოვხვდებოდი. თუმცა, ქორწილამდე ორი კვირით ადრე ჩემს ტელეფონზე აფხაზური ნომრიდან ზარი შემოვიდა და მიპატიჟებაც მივიღე.

მთელი 2 კვირა გული საგულეში არ მიჩერდებოდა, სიხარული და შიში ორივე ერთმანეთს ანაცვლებდა. როგორ წავიდე, საზღვარზე ვინ გადამიყვანს, მოვხდები ამ ქორწილში თუ ვერ მოვხვდები - ფიქრები არ მასვენებდა.

ჩემი მამიდაშვილის შვილი ცოლს ირთავს. სიძეც და პატარძალიც აფხაზია. ჩემი მამიდაშვილი ქართველია, მაგრამ მისი მეუღლე აფხაზია და შესაბამისად ამ ქორწილში აფხაზები ქართველებსაც ეპატიჟებიან.

ომის შემდეგ ენგური არ გადამიკვეთავს, სრული 27 წელი. სატელეფონო კონტაქტი, ბუნებრივია სულ მქონდა ჩემს აფხაზ ნათესავებთან, ხშირად ვკითხულობდით ერთმანეთს, მეპატიჟებოდნენ კიდეც, მაგრამ რატომღაც ისე წასვლა არასდროს მდომებია როგორც ახლა. ამიტომ ძალიან ვღელავდი.

წინა კვირას მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთერთ აფხაზურ ქირწილში ზუგდიდიან 40 გატყავებულ-გაპიწკინებული ჯიხვი შეაგზავნეს. ასე ითქვა, თუმცა ჯიხვი არ ყოფილაო, ამბობენ თხები იყვნენო.

ვინც აფხაზურ ტრადიციებს კარგად იცნობს, ყველა მიხვდება, რატომ თხები.

აფხაზები, ღორის ხორცს არ ჭამენ, შესაბამისად მათ სუფრაზე ვერც გაპიწკინებულ გოჭს დაინახავ და ვერც ღორის მწვადს. თუმცა ჩემი ნათესავები მიირთმევენ, რადგან ისინი ქრისტიანი აფხაზები არიან. მუსულმანი აფხაზები ღორის ხორცის სანაცვლოდ თხის ხორცს ჭამენ, რადგან მათთვის თხა უფრო სუფთა ცხოველია, ვიდრე ღორი და რელიოგიურად მათთვის დასაშვებია. ამიტომაც მათ სუფრაზე თხის ხორცი ისე დევს, როგორც ქათმის ან ხბოსი.

ქორწილამდე 1 დღით ადრე ენგურს მივადექი. ადამიანი, რომელიც უზრუნველჰყობდა საზღვარზე ჩემს უსაფრთხო გადასვლას, აფხაზია, რომელმაც ადგილზე გააკეთა ე.წ. ვიზა, ფულიც ოფიციალურად გადაიხადა - 5 ათასი რუბლი, რომელიც დაახლოებით 300 ლარია. საზღვარზე ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ფეხით გადადიოდნენ, ვისაც მანქანის საშვი ჰქონდა მისთვის ცალკე იყო გამშვები პუნქტი, მანქანები ბუნებრივია აფხაზური ნომრით გადადიოდნენ. ერთერთი მათგანი მეც ვიყავი. საზღვარზე, ჯერ აფხაზებმა, მერე რუსებმა ჩემი საზრვარგარეთის პასპორტი გამომართვეს, ბეჭედი ჩამირტყეს და კეთილი მგზავრობა მისურვეს. ჩემი გამცილებელი გვერდიდან არ მომშორებია, რადგან სწორედ მისი პასუხისმგებლობით გადამიშვეს საზღვარზე. აფხაზმა და რუსმა მესაზღვრეებმა, მისგან იცოდნენ რომ სოხუმში ქორწილში მივდიოდი. ამიტომ განსაკუთრებული თავაზიანობით მისურვეს ბედნიერი გზა და კარგი დროის გატარება.

უკვე აფხაზეთში ვარ... არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ იქ სხვა ჰაერი განსაკუთრებულად თბილი, ძალიან მშობლიური და ყველა ჰაერისგან განსხვავებული ერთბაშად მეცა და ცრემლებმა წამოსვლა იწყო. ენა ჩამივარდა, გული ისე მიცემს ლამისაა ამომივარდეს. მონატრება, სინანული, სინდისის ქეჯნა... სინდისი იმიტომ რომ 27 წელია ამ მიწაზე ფეხი არ დამიდგამს, მიწა რომელმაც მე გამზარდა... გზები ნაცნობი, დავიწყებული და მაინც გუშინდელი, რომელიც ძალიან რომ დავბერდები მაინც ისე მემახსოვრება, რომ თვალდახუჭული გავივლი.

მალე ჩემს სოფლისკენ გადასახვევ გზას გავივლი, ჩემი სკოლა მთავარ გზაზე დგას, მინდა გავიხედო, მაგრამ მეშინია... მეშინია რომ ემოციებს ვერ გავუძლებ, მეშინია, რომ გული საბოლოოდ ამომივარდება. სკოლა ხომ ყველაზე ნათელი და ტკბილი მოგონებაა, ყველაზე ბედნიერი ხომ ამ სკოლაში ვიყავი, სკოლიდან მობრუნებულს უდიდესი ოჯახი მხვდებოდა.

ახლა ის მახსენდება, 27 წლის წინ როგორ გავიარე ეს გზა მშობლებთან და ნათესავებთან ერთად ურმით, როგორ გავურბოდით ბომბებს და ტყვიებს, მე მაშინ 16 წლის ვიყავი. ვიცოდი რომ დიდი უბედურება გველოდებოდა, თუ ურმით ამ გზას არ გავუყვებოდი, არადა წასვლა არ მინდოდა... მაგრამ დარჩენაც არ შეიძლებოდა... მე თუ არ წავიდოდი და სახლში დავბრუნდებოდი, არც ჩემი მშობლები წავიდოდნენ და მთელ ოჯახს ამოგვხოცავდნენ.

მინდა რაც შეიძლება სწრაფად გავიარო ეს გზა, რაც იმ საშინელ დღეს მახსენებს. ვბრაზდები, რომ აფხაზების ქორწილში მივდივარ, მერე რა რომ ისინი ჩემი ნათესავები არიან, თან ახლო ნათესავები. მერე რა რომ მათაც ისე ტკივათ გული როგორც მე, მერე რა რომ 27 წელი გავიდა. ისინი დღეს მაინც საკუთარ მიწაზე ცხოვრობენ, მე კი ჩემს მიწაზე ფეხის დასადგმელად საზღვარი დამიწესეს, ფულიც გადამახდევინეს და თან მადლობაც მათქმევინეს, რომ შემიშვეს.

რა თქმა უნდა მამიდაშვილების დანახვაზე სიბრაზემაც გამიარა და გულიც ამიჩუყდა. მივხვდი, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს და იმათაც ძალიან ვუყვარვარ. ჩვენს შორის ომი და პოლიტიკა არ არსებს...

ქორწილი რესტორანში სოხუმის დროით (ანუ მოსკოვის დროით) 4 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ მანამდე წესის მიხედვით, სადღესასწაული სუფრა ოჯახშიც გაიშალა. პატარძლის მშობლები და მათი ნანესავების ვიწრო წრე სიძის სახლში მოვიდა მოსალოცად, გოგოს მზითევიც მოუტანეს და სიძეს საკმაოდ სოლიდური თანხაც აჩუქეს. აქ განსაკუთრებული არაფერია, რადგან აფხაზეთში ადრეც და ახლაც ეს ჩვეულებრივი ამბავია.

სანამ რესტორნისკენ დავიძვრებოდით, სიძე-პატარძალმა და მაყრიონმა სოხუმში გავისეირნეთ. ფოტოებიც გადავიღეთ, სანაპიროზე ქვიშაზე მოდუღებული ყავაც მივირთვით და შამპანიურების ქაფიც დავაყენეთ. ამინდმა ხელი შეგვიწყო, არ ცხელოდა, მაგრამ მზიანი და თბილი ამინდი იყო.

600 კაციანი ქორწილი, შთამბეჭდავად ჟღერდა და სუფრაც ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორსაც მოველოდი. ამ სუფრაზე ენგურს აქედან ზუსტად 12 სტუმარი ვიყავით.

არც მიფიქრია რომ აფხაზურ ქორწილში თამადა ქართველი იქნებოდა, როგორც თვითონ ამბობენ „მეგრელი“. თუმცა ადრე, როგორც მეუბნებიან აფხაზურ ქორწილებში, თამადა ყოველთვის ქართველი იყო და აფხაზები ამაზეც კარგა გვარიანად იბოღმებოდნენ. ახლა ბურთი და მოედანი მათია.

სიძე-პატარძალი რა თქმა უნდა აფხაზური სიმღერის ფონზე შემოიყვანეს დარბაზში. ჩვენს მრავალჟამიერს არ ჰგავდა, არც „ვისია ქალია ლამაზის“, არც მათი ცეკვა ჰგავდა ჩვენს საამაყო „დაისს“. ვუყურებ ამ ხალხს, ვუყურებ მათ ჩაცმულობას, ვუყურებ ბევრ რამეს ვუყურებ და მინდა დავიჯერო, რომ ეს ხალხი ჩვენი ნაწილია და ტყუილად არ ვიბრალებს რომ ჩვენ ძმები ვართ. მაგრამ... და სამწუხაროდ ისევ მაგრამ... ერთი სული მაქვს, თამადამ ცალი თვალით მაინც გადმოიხედოს ჩვენსკენ და ჯანდაბას თქვას „საქართველოდან“ – „სტუმრები საქართველოდან“... თითქოს თვითონ სადმე სხვაგან ცხოვრობდნენ, მაგრამ ჯანდაბას, ოღონდ ერთხელ მაინც ახსენოს საქართველო.

ვოცნებობ, რაღაც იმედის ძაფს მინდა მოვეჭიდო მაგრამ, სამწუხარო რეალობაა ჩემს წინ. თამადა მოგვესალმა და თქვა, რომ მეგრელები იყვნენ მათთან სტუმრად.

რა თქმა უნდა ის მოგვესალმა, აფხაზური ტრადიციის მიხედვით, ჩვენ ,,მეგრელი სტუმრები“ ფეხზე წამოვდექით, მაგრამ რა სიამაყით ვიდექით ვერ გადმოგცემთ. არ ვაჭარბებ... მე ვგრძნობდი მხრებზე ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს და სიმძიმესთან ერთად ვგრძნობდი სიმსუბუქეს, რადგან მე ჩემს მიწაზე ვიდექი, არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც მასპინძელი. ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს და დავლოცეთ სიძე-პატარძალი.

ვერ დავიტრაბახებ, ვერ მოგატყუებთ, მე ძალიან მინდოდა ქართულად წარმომეთქვა სადღეგრძელო, ძალიან მინდოდა მეცეკვა ქართული და გამომეწვია აფხაზი პატარძალი, მე ძალიან მინდოდა მეთქვა: მე ქართველი ვარ და ჩემი სამშობლო საქართველოა, თქვენც ერთი სამშობლო გაქვთ და ის საქართველოა. მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვერ შევძელი. იმიტომ კი არა რომ შემეშინდა, იქ ამ სიტყვებისთვის ტყვიაც კი საამური იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ მოვერიდე, მოვერიდე ისევ ჩემს მამიდაშვილებს, რადგან ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ქორწილს აუცილებლად ჩაშლიდა.

გთავაზობთ სოხუმის ქალაქის ფოტოებს, ქორწილის ფოტოების გამოქვეყნებისაგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა იმ ხალხის იდენტიფიცირება და უხერხულობის შექმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42