70 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა.
ფირუზ კანთელაძე 1967–1979 წლებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. იგი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1969, 1976), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967).
ფირუზ კანთელაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 194 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 18 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 15 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
კანთელაძე ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.
სწორედ ფირუზ კანთელაძემ გაიტანა 1976 წლის 3 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის "არარატის" კარში მეორე გოლი, პენალტით, რამაც თამაშში საბოლოო გარდატეხა მოახდინა, "დინამომ" 3-0 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად საპატიო პრიზს დაეუფლა.
მასალის გამოყენების პირობები