შენგელია დარწმუნებულია, რომ მინისტრის გადაყენება გარდაცვლილი პედაგოგის შვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ სარჩელს უკავშირდება.
ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ბატიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებით სამართლიანობა არ აღდგენილა. ია კერზაიას შვილი ამბობს, რომ უკანონო დავალება, რომელსაც საბოლოოდ დედამისის სიცოცხლე შეეწირა, დღევანდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაცემულია და მან ამის გამო პასუხი უნდა აგოს.
"გუშინ სტრასბურგში დარეგისტრირდა სარჩელი - შენგელია საქართველოს წინააღმდეგ. მე, ბატიაშვილის გადადგომას სწორედ ჩვენს საქმეს ვუკავშირებ. ჩემი ინფორმაციით, განათლების უკვე ყოფილი მინისტრის გადადგომა რამდენიმე თვეა მზადდება, მას შემდეგ რაც მან ივლისში ია კერზაიას საქმეზე ჩვენება მისცა პროკურატირას, სადაც მან ჩადენილი დანაშაული პრაქტიკულად დაადასტურა და თქვა, რომ ის მის თანამშრომლებს ენდო და ია კერზაიას საქმე მას პირადად არ გადაუწყეიტია, ანუ მან ყველაფერი საკუთარ თანამშრომლებს დააბრალა, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან სუს-თან და გიორგი გახარიასთან. ისინი ასრულებდნენ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ დირექტივებს. ბუნებრივია ბატიაშვილს მსგავს ჩვენებას არავინ აპატიებდა. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი იყო ის ბოლო წვეთი, რომელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა მოქმედ ხელისუფლებას. გაუშვეს მინისტრი, რომელიც დამნაშავეა ამ საქმეში და ამას დოკუმენტალურად ვადასტურებ.
"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ მთავრობაში არ გააჩერა მინისტრი, რომელიც დამოკლეს მახვილივით იყო ამ მთავრობისთვისაც კი. ის გაუშვეს ია კერზაიას საქმის გამო"- უთხრა "ნიუპოსტს" ბაჩანა შენგელიამ.
გარდაცვლილი პედაგოგის შვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ბატიაშვილის სამართლებრივი საკითხი დადგება.
"რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ დადგება, რადგან ბატონი გახარიაა ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი -მისი გაცემულია ეს დავალება და ბუნებრივია, მათ არ აწყობთ განსასჯელის სკამზე მყოფი ბატიაშვილი, რომელიც იტყვის, რომ გახარიამ მისცა ეს დავალება"- დასძინა შენგელიამ.
ცნობისთვის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ევროსასამართლოში სარჩელი გუშინ დაარეგისტრირა.
ამასთან, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო" გამოძიება შეწყვიტა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






