საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დღეს, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ, შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის ფაქტები.
"მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მეუფეს განცხადებით იგეგმებოდა პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხი. აღსანიშნავია, რომ მსგავს შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა სასულიერო პირებთანაც მართავდნენ.
მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ წარმოადგენს თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე არ დაიწყო გამოძიება, შესაბამისად ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:
• შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში;
• საქართველო პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში" - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
მასალის გამოყენების პირობები






