„россия1 საქართველოში“- ასე აფასებენ პროდასავლელი და გამოცდილი ჟურნალისტები „იმედის“ ახალ პროპაგანდისტულ გადაცემა „არენას“ რომელიც ეთერში გუშინ გავიდა და თავიდან ბოლომდე მმართველი პოლიტიკური ძალის მესიჯბოქსსა და დღის წესრიგს უწევდა ტირაჟირებას.
აღსანიშნავია, რომ „ფეიკნიუსების მამხილებელმა“ გადაცემამ, პირველი ეთერი დიდი ტყუილით დაიწყო - გაირკვა, რომ 2 დღის წინ ჩაწერილი გადაცემა ეთერში გუშინ გაუშვეს, როგორც პირდაპირი ეთერი და ინტერაქტივიც გააყალბეს. გადაცემის ავტორები გვარწმუნებდნენ, რომ გამოკითხვა პირდაპირ ეთერში გადიოდა, მაშინ როდესაც გადაცემაში მიწვეულმა ერთადერთმა განსხვავებული აზრის მქონე ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „არენას“ მსვლელობისას დაადასტურა, რომ გადაცემა ჩაწერილი იყო, მისი კრიტიკული კომენტარი კი მოჭრილი.
„დიახ, ამ გადაცემაში მე ვიდექი და ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი. მარტო ვიდექი და ხელისუფლების წევრებს ოპონირებას ვუწევდი. იმედია უსმინეთ ჩემს კომენტარების ნაწილს. ნაწილი არ აჩვენეს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით "იმედის" ეთერში გუშინ ვიყავი. გყავთ კოლეგები იმედში და გადაამოწმეთ“- დაწერა ექსპერტმა გადაცემის მსვლელობისას.
გარდა ინტერაქტივთან დაკავშირებული ტყუილისა, რომელიც არცერთ მედიასტანდარტში არ ჯდება და კრიტიკას ვერ უძლებს, გადაცემა თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდისტული არხის „россия1“-ის ანალოგია, როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსობრივი დატვირთვით.
გუშინ გადაცემის წამყვანს არ დაუმალავს, რომ თოქ-შოუს „პროდუსინგი“ ამზადებს, რომელიც ავანსცენაზე გამოვიდა. ჟურნალისტს არ დაუსახელებია ვინ არიან გადაცემის შემფუთველები, თუმცა „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, „არენა“ ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალებით ლაშა ნაცვლიშვილმა და შალვა რამიშვილმა, ნიკა ლალიაშვილთან ერთად შექმნეს, სწორედ ისინი ადგენენ „არენის“ თამაშის წესებს და სწორედ ამიტომ იღვრებოდა დითირამბები „ტვ. იმედის“ გუშინდელი ეთერებიდან, სადაც პროსახელსუფლებო ექსპერტები თუ მმართველი პარტიის წევრები გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში ივანიშვილის მმართველობის დროს 530 მდე საწარმო აგუგუნდა. ტვ. იმედი უპრეცენდენტო ქველმოქმედებას უწოდებს წყალტუბოს რეაბილიტაციის პრორექტს.
„ის რაც 30 წელი ვერ გააკეთა სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთი ადამიანის ძალისხმევით კეთდება“- განაცხადეს „არენას“ წამყვანებმა და ამ თემაზე განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების მოსმენაც კი არ ისურვეს, მაგალითად ისეთების, ვინც თვლის, რომ "წყალტუბოს განვითარების გეგმა არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება".
ეთერს არ უთმობენ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვლიან, რომ ივანიშვილის მართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას.
გადაცემის წამყვანები და პროსახელისუფლებო ანალიტიკოსები იგივე პათოსით საუბრობენ აბასთუმანზეც.
მათი მტკიცებით, აბასთუმანიც „მეცენატის კეთილი ნებით შენდება“, ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი მედია ფეიკნიუსებით ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობენ, ეს მაშინ, როცა ერთი სიტყვა არ უთქვამთ, როგორ იყიდა ოლიგარქმა ცა და რომ აბასთუმნის ცაზე ფრენების მარშრუტები ივანიშვილის კაპრიზების გამო იცვლება.
ფაქტია, რომ "არენას" სახით ქართულ მედიარესუსრსს ხელისუფლების კიდევ ერთი რუპორი დაემატა.
მასალის გამოყენების პირობები






