ქართველი სპორტსმენი – ბექა მაზანიშვილი, რამდენიმე წელია, აშშ–ში ცხოვრობს, სამშობლოში დაწყებული წარმატებული სპორტულ კარიერა ფილადელფიაში გააგრძელა და გარდა საუკეთესო ფიზიკური მომზადებისა თუ პირადი მიღწევებისა, პაუერლიფტინგის, ანუ ძალისმიერი სამჭიდის განხრით, მოსწავლეებსაც ავარჯიშებს და მათაც ჩემპიონებად ზრდის. ბექა მაზანიშვილს ქართველი ქომაგები კარგად იცნობენ, როგორც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულს და ახლა უკვე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, ამერიკაში ძალიან პოპულარულ სპორტის სახეობაში – პაუერლიფტინგში, რომლითაც 14 წლის ასაკში დაინტერესდა და მას შემდეგ, მრავალფეროვანი და ხანგრძლივი სპორტული გზა განვლო.
სულ ცოტა ხნის წინ, მაზანიშვილმა მეხუთედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მისმა მოსწავლეებმა კი ანალოგიური შედეგი ახალგაზრდულ დივიზიონში აჩვენეს. ბექას აშშ–ში დავუკავშირდით და მისი მიღწევების შესახებ გავესაუბრეთ:
– პაუერლიფტინგში მსოფლიო ჩემპიონატი 26–27 ოქტომბერს ჩატარდა, ნიუ–ჯერსის შტატში, ქალაქ ედისონში. საუკეთესო სპორტსმენები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები. საკმაოდ მაღალკვალიფიციური ჩემპიონატია, იგი „World Natural Powerlifting Federation”-ის მიერ ჩატარდა. ეს ფედერაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დოპინგ–კონტროლზე, Drug free - ანუ, მხოლოდ სუფთა, დანამატებისგან თავისუფალი სპორტსმენები მონაწილეობენ, მკაცრი მოთხოვნები აქვთ.
ამ ფედერაციაში შეჯიბრებებში 2005 წლიდან ვმონაწილეობ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მეხუთედ მივიღე და მეხუთედ გავხდი ჩემპიონი. ორ დივიზიონში გამოვედი – წოლჭიმსა და აწევათა გამეორებაში და ორივე დივიზიონში პირველი ადგილი მოვიპოვე. გარდა ამისა, მონაწილეობა ჩემს მოსწავლეებსაც მივაღებინე, ესენი არიან – თემო დვალიშვილი და ფარედ ჰამრაქული, რომელმაც წოლჭიმში მეორე ადგილი დაიკავა, ღია ასაკობრივ დივიზიონში, თემო კი ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის, 23 წლამდე ასაკობრივ დივიზიონში და ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა.
– რა შეგრძნებაა ჩემპიონობა? თანაც უკვე მეხუთედ!
_ რა თქმა უნდა, ამაღლებული განწყობაა, შეუდარებელი, რომელიც, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში არ დაეუფლოს ადამიანს. მოგეხსენებათ, სპორტში წარმატება რამდენად დიდ შრომას მოითხოვს და როცა ეს შრომა გიფასდება, ეს განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა. ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ, ასეთ მასშტაბურ ჩემპიონათში მონაწილეობ, ამდენი კონკურენტი გყავს, უძლიერესი სპორტსმენების გარემოცვაში აღმოჩნდები და მათ შორის კიდევ ერთხელ რომ ხდები მსოფლიო ჩემპიონი, ეს მართლაც საოცარი შეგრძნება და ემოციაა! პასუხისმგებლობის გრძნობა გემატება.
– ალბათ, კიდევ უფრო მეტი სტიმულიცაა, ხომ?
– რა თქმა უნდა, სტიმული რომ არ ყოფილიყო, არც ამ ჩემპიონატში მივიღებდი მონაწილეობას, სპორტული სული და სპორტული ლტოლვა, შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებისა, არსებობს და ალბათ, კიდევ დიდხანს იარსებებს. ახლა კიდევ მიწევს ჩემს მოსწავლეებთან ერთად გამოსვლა და მათთან ერთად, მეც უფრო მოტივირებული ვარ, ჩემი მხრიდან კი მათაც ვაძლევ მოტივაციას. ძალიან საინტერესო შეჯიბრებები იგეგმება და ვაგრძელებთ მზადებას, რათა საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.
– საინტერესო ფაქტია ის, რომ თქვენ ამჟამად აქტიური სპორტსმენი ხართ, არაერთგზის ჩემპიონი და პარალელურად, მოსწავლეების აღზრდითაც ხართ დაკავებული, თანაც, ისინიც წარმატებულები არიან. ამერიკაში რთული იყო ამ მხრივ თავის დამკვიდრება და შესაძლებლობების გამოვლენა?
– დაახლოებით 2005 წლიდან ვარ აქტიურად ჩართული სამწვრთნელო საქმიანობაში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი და ჩემი გუნდი სულ დამყავდა საერთაშორისო დონის ტურნირებზე, მსოფლიო თასის გათამაშებებზე და ა.შ. ნაკრები წაყვანილი მყავდა ლატვიაში, აზერბაიჯანში, ინგლისში, კანადაში და სხვა ქვეყნებში. რაც ამერიკაში ვარ, არაქართველი სპორტსმენებიც არიან ჩემი მოსწავლეები, მათ შორის, ამერიკელები, რა თქმა უნდა. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ადვილი პროფესია ნამდვილად არ არის, საკმაოდ მაღალი დონის პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან სპორტსმენზე შენ გაქვს აღებული პასუხისმგებლობა, ჯანმრთელობის თუ ტრავმის თვალსაზრისით, არაფერი დაიზიანოს, ეს ყველაფერი ისეთნაირად უნდა შეაფარდო, რომ თან რეზულტატი გაიზარდოს, მაღალკვალიფიციურ სპორტსმენად ჩამოყალიბდეს, თან ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. ადვილი არ არის, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნოა, ეს ჩემი უსაყვარლესი პროფესიაა.
– ანუ, სპორტული ნიუანსების გარდა, მწვრთნელები, იმ სამედიცინო საკითხებშიც კარგად უნდა ერკვეოდეთ, რაც სპორტსმენის ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.
– რა თქმა უნდა, სპორტულ მედიცინას რაც სჭირდება, ამ სფეროშიც უნდა გქონდეს განათლება.
– ძალისმიერი სამჭიდი სპორტის შედარებით ახალი სახეობაა, თავიდან ალბათ სულ სხვა მიმართულებით ასპარეზობდით, ხომ?
– 12 წლის ვიყავი, როცა ჭიდაობით დავინტერესდი. ჩემი პირადი მწვრთნელი გივი ფოთოლაშვილი იყო, ჩემი ნათესავი და შესანიშნავი სპორტსმენი. 14 წლის ასაკში ძალისმიერმა სახეობებმა უფრო გამიტაცა და ძალისმიერი სამჭიდის მიმართულებით დავიწყე ვარჯიში. იქიდან მოყოლებული, არაერთ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა, ჯერ ახალგაზრდებს შორის, საპრიზო ადგილებზე გავდიოდი, შემდეგ, ჩემპიონი გავხდი, რასაც შემდგომ ასაკშიც ვინარჩუნებდი, ღია ასაკობრივ დივიზიონშიც მაქსიმალურ შედეგებს ვაჩვენებდი და ვცდილობდი, ჩემპიონის ტიტული არ დამეკარგა.
ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე ყველა მიმართულებით. ვარ ბრიტანეთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, 2013–2014 წლებში, კანადის ღია პირველობაზე კანადის ჩემპიონი გავხდი, 2016–17 წლებში, 2018 წელს კი უკვე აშშ–ში მომიწვიეს და როცა აქ ამერიკის ღია პირველობა ჩატარდა, 4 მაისს, კიდევ ჩემპიონი გავხდი. ამის შემდეგ, დღეის ჩათვლით, არაერთი შეჯიბრება მოვიგე. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ტრავმის გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე, 2005 წელს. 2006 წელს ვმკურნალობდი და 2007 წელს, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზე, ისევ აშშ–ში, უფრო მეტი შემართებით გავედი და კვლავაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ასევე, მსოფლიო თასის გათამაშების მფლობელიც. ეს შედეგი 2008 წელსაც გავიმეორე.
– რა შეგძინათ ამერიკამ?
– ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო, შესაბამისად, მეც ვცდილობ, ჩემი მონაცემები გამოვამჟღავნო და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავწიო, ეს იქნება სამწვრთნელო თუ პირად სპორტულ კარიერაში. როგორც საქართველოში აღმოვაჩინე და აღვზარდე არაერთი ჩემპიონი, ამერიკაშიც ასე ვაპირებ გაგრძელებას – წარმატებული სპორტსმენების აღზრდას.
– მანდ განსხვავებული მიდგომებია?
– ყველა ქვეყანასა და კლუბს თავისი წესები, მიდგომა და სამწვრთნელო გამოცდილება, ისტორია აქვს და ამაზე დაფუძნებით ხდება ყველაფერი. ეს სპორტი ამერიკული სპორტის სახეობაა, აქ წარმოიშვა და შესაბამისად, აქ ბევრი ძლიერი სპორტსმენია, რომლებიც სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობენ. ქართველები, ასე ვთქვათ, კარგად მოვერგეთ პაუერლიფტინგს, რადგან ჩვენი ჯანი, სიძლიერე, ღონე, რომელიც გენეტიკურად მოგვდგამს, ამ სახეობისთვისაა ზედგამოჭრილი.
– სპორტსმენები ხშირად აღნიშნავთ, რომ აშშ შესაძლებლობების გამოვლენისთვის საუკეთესო ქვეყანაა, კერძოდ, რაში გამოიხატება ეს? მაგალითად, შეგიძლია ნებისმიერ კლუბში, გუნდში მიხვიდე და აგიყვანონ? ყოველგვარი პროტექციის გარეშე?
– აქ, მთავარია, აჩვენო ის, რაც რეალურად შეგიძლია, სპორტული მონაცემები გამოავლინო, ნიჭი უნდა გქონდეს და ეს ქვეყანა შრომისმოყვარეობას და ამ ნიჭს ნამდვილად არ დაგიკარგავს, პირიქით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობენ, დაგეხმარებიან. ყველაფრის შეფასება სამართლიანად ხდება.
– მოსწავლეების აღზრდის გარდა, მსაჯობის გამოცდილებაც გაქვთ?
– დიახ, რა თქმა უნდა, მიმსაჯია საქართველოს ჩემპიონატებზე, საქართველოს თასის გათამაშებებზე. უმეტეს შემთხვევებში, მთავარ მსაჯად. ვფიქრობ, ყოველთვის ობიექტური ვიყავი, არ მიყვარდა სპორტსმენის შრომის ან დაკარგვა ან გადაჭარბებულად შეფასება.
– ბექა, უახლოესი სპორტული გეგმებიც გაგვიზიარეთ.
– შეიძლება ითქვას, რომ ამ წელმა წარმატებით ჩაიარა, მსოფლიო ჩემპიონობით დაგვირგვინდა! რაც ძალიან სასიხარულოა. ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ამ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არსებობს მცირე ნიუანსები, რაც კიდევ დასახვეწია, მეტად გასავითარებელი და მისაღწევი, მოკლედ, სამუშაო კიდევ ბევრია და ჩვენ ამისთვის გავაგრძელებთ შრომას. მომავალში, რა თქმა უნდა, კიდევ არაერთი მაღალი რანგის ტურნირი და ჩემპიონატია, სადაც აქტიურად ვიქნებით ჩართულები და მონაწილეობას მივიღებთ. არამხოლოდ ჩემპიონობაზე, ახალ რეკორდებზეც უნდა ვიფიქროთ.
– საქართველოს სახელით ასპარეზობთ ხოლმე თუ კლუბის?
– კლუბის სახელით გამოვდივარ მაშინ, როდესაც საშტატო ჩემპიონატი, კლუბებს შორის შეჯიბრებები ტარდება, ფილადელფიაში ვცხოვრობ და პენსილვანიის შტატის სახელით ვასპარეზობ ხოლმე. მსოფლიო ჩემპიონატზე კი, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით გამოვედი!
მასალის გამოყენების პირობები