ოპოზიციის წარმომადგენელი ადგილობრივებზე დაყრდნობით, "ნიუპოსტს" უყვება, რომ დავით მკოიანმა ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა.
მელიქ რაისიანი აცხადებს, რომ ენზელ მკოიანსა და მის შვილს კრიმინალური დაჯგუფება ჰყავთ, რომლებიც მათთვის არასასურველ ადამიანებს "ასეთი მეთოდებით სჯიან". მისივე თქმით, ჯგუფის წევრებს ახალქალაქიდან და ახალქალაქის სოფლებიდან არჩევენ.
„ამ ადამიანებს დელეგირებული აქვთ, რომ მათთვის არასასურველ ადამიანებს ასეთი ფორმით სჯიან. აშინებენ, სცემენ... ეს პირველად არ მომხდარა. თვეში 2-ჯერ მაინც ხდება მსგავსი კრიმინალური შემთხვევები. მათ ჰყავთ დაჯგუყფებები, რომლებიც დანებით, „ბიტებით“ და „კასტეტით“ უსწორდებიან ადამიანებს.
კონკრეტულად, ამ ფაქტს რაც შეეხება, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ საქმე აღძრეს, თუმცა რა მუხლით ეს ჩემთვის უცნობია.
გასულ წელს, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. ზონდერჯგუფები ოპონენტებს და უბრალო მოქალაქეებს თავს ესხმიან. პოლიცია კი გამოძიებას ხულიგნობის მუხლით იწყებს და 50 ლარიანი ჯარიმით უშვებს.
ზონდერდაჯგუფების წევრები ძირითადად ენზელ მკოიანის კუთვნილ ობიექტებზე არიან დასაქმებულები. ახალქალაქში ხომ ყველაფერს ეს კაცი ფლობს - გზები, ბიუჯეტი, ყველაფერი მისია და სწორედ ასეთი ადამიანები ჰყავს გარშემო შემოკრებილი, რომლებსაც ამართლებს და ამბობს, რომ ისინი უსამართლობას არ ეგუებიან და ამიტომ ხდება მათ გარშემო ინცინდენტები“- აცხადებს მელიქ რაისიანი.
ენმ-ს წევრისთვის უცნობია, ვინ არის 2 ნოემბერს დაშავებული.
ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა, დავით მკოიანმა ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი „ბიტებით“ და „კასტეტით“ სცემა.
ინციდენტი მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ახალქალაქის ბაზართან, უამრავი ადამიანის თანდასწრებით მოხდა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები






