"ყინული დაიძრა" - ამბობენ დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვით იმუქრებოდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტს ღია წერილით მიმართეს.
როგორც ირკვევა, მწვავე პროტესტის შემდეგ, ზუგდიდში კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ონიანი ჩავიდა და მუზეუმის 40-მდე თანამშრომლების პრეტენზიები პირადად მოისმინა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მუზეუმის თანამშრომლებმა მაღალჩინოსნებს დეტალურად განუმარტეს მათი მოთხოვნების ლეგიტიმურობა. საუბრის ბოლოს კი ონიანმა შეკრებულებს უთხრა, რომ პრემიერისგან პირადად მიიღეს დავალება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 2020 წლის ბიუჯეტში ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასების მატების საკითხი ჩაიდოს.
"ნიუპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრას კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა დაესწრნენ.
თავის მხრივ მუზეუმის თანამშრომლები შეთანხმდნენ, ხელისუფლებას მისცენ ვადა პრობლემის მოსაგვარებლად.
"გვითხრეს, რომ მთავრობამ უნდა მოიძიოს დამატებითი სახსრები. მათივე ინფორმაციით, პრემიერს აღნიშნული საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ არ გავიფიცებით, იმედია პროტესტის ფორმა არ დაგვჭირდება და ჩვენი მოთხოვნა შესრულდება“- აცხადებს მუზეუმის თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მყოფ პრემიერ-მინისტრს მუზეუმის ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა პირადად შეხვდა, რომელმაც მთავრობის მეთაურს დახმარება სთხოვა.
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათ სპეციალური განცხადება მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს შეიმუშავეს და ფართომასშტაბიანი გაფიცვაც დაანონსეს.
შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოსა და მუზეუმის თანამშომლებს შრის გარკვეული კონსენსუსი არსებობს. ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმება მთავარ საფინანსო დოკუმენტში უახლოეს პერიოდში აისახება და ისინი გაზრდილ ხელფასებს ახალი წლიდან მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






