თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" ფაქტიურად დასრულდა. პოლიტოლოგები აქტიურად მსჯელობენ, თუ ვინ გამოვიდა ამ დაძაბული ვითარებიდან გამარჯვებული და რა მოიგეს თურქეთმა, აშშ-მ და რუსეთმა ოპერაციის დასრულების შემდეგ.
ამჟამად არსებული ვითარება ასეთია:
ერდოღანსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში, სირიის ჩრდილოეთ საზღვრისპირა რაიონებში შევიდნენ რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიის რეჟიმის სასაზღვრო ჯარები, რომლებმაც ქურთთა დაჯგუფებების გაყვანას და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებას უნდა შეუწყონ ხელი.
თურქეთი ინარჩუნებს იმ ტერიტორიაზე კონტროლს, რომელიც სამხედრო ოპერაციის დროს დაიკავა, კრიზისის მონაწილე ყველა მხარე აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებული იქნება.თავისი წვლილი კონფლიქტის დასრულებაში აშშ-მაც შეიტანა. სიტუაციაზე გავლენის მოხდენა ტრამპმა სანქციების მეშვეობთ შესძლო - ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის ანკარაში ვიზიტის შემდეგ, აშშ-მ, ოპერაციის შეწყვეტის სანაცვლოდ, თურქეთს კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაწესებული უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები მოუხსნა.
ვინ რა მოიგო
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ სიტუაციაში გამარჯვებულები რუსეთი და თურქეთი გამოვიდნენ, თუმცა, არც აშშ-ს განუცდია დიდი მარცხი.
პირველ რიგში რუსეთმა კიდევ უფრო გაიძლიერა გავლენა როგორც სირიაში, ასევე მთლიანად რეგიონში. მან მსოფლიოს აჩვენა, რომ მას შეუძლია არამარტო სამხედრო, არამედ დიპლომატიური და "მშვიდობისმყოფელი" მისიების შესრულება. ამასთან, რუსეთმა თავიდან აიცილა კონფლიქტის გაფართოება და მასში დიქტატორ ბაშარ ასადის რეჟიმის ჩათრევა.
თურქეთმა შესძლო საზღვრისპირა რეგიონებიდან ქურთების სამხედრო დაჯგუფებების მოშორება და ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნა, რასაც ამდენი ხანი ცდილობდა. ამასთან ჯერჯერობით ის ადგილზე სანხედრო გავლენას ინარჩუნებს.
რაც შეეხება აშშ-ს, მან შეინარჩუბა მის მიერ მხარდაჭერილი ასადის ოპოზიციური დაჯგუფება "სირიის დემოკრატიული ძალები", მოიხსნა დიდი დატვირთვა - სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებზე კონტროლის განხორციელება, რაც საკმაოდ ძვირი უჯდებოდა და დარჩა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ამ ეტაპზე მისთვის ყოფნა სტრატეგიული მნიშვნელობისაა - მისი მცირე კონტინგენტი აკონტროლებს რაიონებს, სადაც სირიის ძირითადი ნავთობის საბადოებია.
ბუნებრივია, სირიის კრიზისი ჯერ დასრულებული არ არის. მსოფლიო საზოგადოება ცდილობს ქვეყანაში მშვიდობა პოლიტიკური გზით დამყარდეს. ამასთან, დემოკრატიული სამყარო იმედოვნებს, რომ 2021 წელს, როდესაც ასადის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, შესძლებს ხელისუფლებაში არჩევნების გზით უფრო ცივილიზებული მთავრობა მოიყვანოს.
მასალის გამოყენების პირობები






