„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება იგეგმება, რომელიც მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, მაგისტრატურაზე სწავლის შესაძლებლობას მისცემს.
იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს, სამაგისტრო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, საშუალება ექნებათ, 2019-2020 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხონ.
ინფორმაციას ამის შესახებ "Edu.Aris.Ge" ავრცელებს.
კანონპროექტის ინიციატივა დეპუტატებს: მარიამ ჯაშს, სოფიო კილაძეს და თამარ ხულორდავას ეკუთვნით.
„დღეს მოქმედი კანონის თანახმად, განათლების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული ნორმა არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას. პარლამენტის განათლების კომიტეტში შემოსული განცხადების მიხედვით, N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, რომელმაც წარმატებით ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესს“, – აღნიშნულია პროექტში, რომელიც სწორედ ამ მოცემულობის შეცვლას ისახავს მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები