21 ოქტომბერს, 19:00 თბილისში, ფოლკლორის ცენტრში, გაიხსნება მხატვარ- დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია.
მიუხედავად იმ ეპოქის სიძნელეებისა, მან მოახერხა და საქმიანობა მხატვრობის მონათესავე სფეროს - სარეკლამო და გრაფიკულ დიზაინს დაუკავშირა. ამავდროულად, სხვადასხვა სფეროში სცადა თავი: ტანსაცმლის დიზაინი, ტყავის აქსესუარები, ავეჯი, კერამიკა, ინტერიერის დიზაინი. თუმცა ნებისმიერი მისი ნამუშევრის ამოსავალი წერტილი მაინც ფერწერა იყო.
ახალი ნამუშევრები თანამედროვე ტექნოლოგიების - ipad-ის გამოყენებით არის შექმნილი. გარემოზე დაკვირვება, ყოფით ნივთებში სილამაზის დანახვა, საკუთარ შემოქმედებით ფილტრში გატარება და ორ განზომილებაში გადმოტანა - ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც მაკა შექმნილ გარემოს ასურათხატებს და თავისი სამყაროს გამოხატულებად აქცევს.
გამოფენა, რომლითაც მხატვარი საზოგადოების წინაშე წარსდგება, ერთ სერიას წარმოადგენს. ყველა ნამუშევარი ipad-ზეა შექმნილი, ამობეჭდილია ნატურალურ ტილოზე, ლიმიტირებულად. თითოეულს აქვს თავისი ნომერი და ავტორის ხელმოწერა, რაც ნამუშევარს ორიგინალად აქცევს. გამოფენა გასტანს 2019 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები