"მინისტრის საათის" ფარგლებში, პარლამენტში მისულ დავით ზალკალიანს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უწევს საუბარი.
საგარეო სამეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი და ფაქტორი იყო უკანონო ბორდერზიაციის მძიმე ტალღა, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში.
„ეს პროცესი დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე სოფელ ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“,- განაცხადა ზალკალიანმა
დავით ზალკალიანის თქმით, ნიუ იორკში ყველა ორმხრივ შეხვედრაზე, მათ შორის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა, რომ გაერო-ში, სადაც ყველა ყველას ესაუბრება, შემდგარიყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა.
„მაგალითად მოყვანილი იყო ყარაბაღის თემა, რომლის შესახებაც, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, არის საუბარი მინისტრების, პრეზიდენტების, პრემიერების დონეზე. სხვა მაგალითებიც დასახელდა, იგივე სერბეთის თემის გარშემო დისკუსიები. ითქვა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ თემები, რომლებსაც ვაყენებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, იყოს პირდაპირ ნათქვამი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან“,-განმარტა დავით ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






