შენგელია ამ განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათი პარტიის გამარჯვების შემდეგ, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სამართლებრივი დევნა არ დაიწყება.
შენგელია სვამს კითხვას - რა პასუხი აქვს განცხადების ავტორს პირადად მისი ოჯახის მიმართ:
"ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი დისკუსიაა ე.წ. პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობით, თითქოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური თანამდებობის პირებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.
როგორც იცით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი არის ია კერზაია, მაინტერესებთ რა პასუხს სცემთ ჩვენს ოჯახს? თქვენ მართლა ფიქრობთ (ვინც ასე ფიქრობთ), რომ თქვენი ამნისტია იქნება ადექვატური პასუხი იმ უმძიმესი დანაშაულებით დაზარალებული პირებისთვის? მე პირადად ბოლო ათი თვე არ ვიბრძვი რევანშისთვის. რევანში არის შეუძლებელი, როდესაც ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფას ადამიანს კარგავ. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ სხვას არ მოუწიოს იგივესთვის ბრძოლა, რომ სხვას არ მოუკლან მშობელი, შვილი, და ან ძმა..
ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯია პოლიტიკურადაც და მორალურადაც, როდესაც საუბრობთ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი მინისტრების (ახლა უკვე პრემიერის) და მათი ზონდერების ამნისტიაზე. არ გაქვთ მეგობრებო ამის უფლება, მიუტევეთ თქვენ, თუ პირადად ვინმე შეგეხებათ, მაგრამ სხვისი ტრაგედიის და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე ამის უფლება არ გაქვთ! რომ არაფერი ვთქვათ ამ ინიციატივის იურიდიულ აბსურდულობაზე"- აცხადებს შენგელია.
მასალის გამოყენების პირობები






