რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა "ანაკლიის განვიათარების კონსორციუმთან" დაკავშირებით, სამინისტროს განცხადება განმარტა. მისი თქმით, პროექტმა არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვალდებულებები.
„გუშინ გვქონდა საშუალება, მოგვესმინა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებისთვის, რომ არ წარედგინათ სამინისტროსთვის როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან მიღწეული წერილობითი შეთანხმებები სესხის მობილიზების ნაწილში. ფაქტობრივად, გუშინ სამუშაო დღე დასრულდა ისეთი სახით, რომ კონსორციუმმა არ შეასრულა თუ ვერ შეასრულა შუალედური ვადით, 15 ოქტომბრით დადგენილი ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება. გადავწყვიტეთ, მივცეთ დრო წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რათა შეასრულოს სრულად ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით. წლის ბოლომდე მოახერხოს როგორც საკუთარი კაპიტალის, ასევე ბანკებთან 400 მლნ დოლარის მოზიდვის მხრივ ვალდებულებების შესრულება. მე ასე შევაფასებდი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვახდენთ გადავადებას, ეს არის უკვე მეექვსე გადავადება, ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო გადავადებით სწორედ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, დამეთანხმებით ალბათ და ვფიქრობ, საზოგადოებაშიც ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას" - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






