"ეროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სხვას რა დიპლომები აქვს შალვა თადუმაძის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ის უმრავლესობის წევრებს ურჩევს აღნიშნულ საკითხზე ფოკუსირდნენ და ყურადღება ნუ გადააქვთ.
"მინდა ყველას ვურჩიო, ყურადღების გადატანის ნაცვლად, ვფოკუსირდეთ იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს. დღეს ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი, რომლის იურიდიული განათლებაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ამ გენერალურ პროკურორს ახლა უზენაეს სასამართლოში უპირებენ გადაყვანას. მთელი ბუკეტია იმ კითხვების, რომელიც არის ლეგიტიმური საფუძველი, რომ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა. კითხვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფსაც გაუჩნდა, არასამთავრობოებსაც, სახალხო დამცველსაც და ამ კითხვებზე, ვიდრე კომპეტენტური პასუხები არ დაიდება, მანამდე არათუ უზენაეს სასამართლოში დაწინაურება, არამედ როგორც გენერალური პროკურორი განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე. ეს ყველაფერი ურტყამს ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაციას. როგორც არ უნდა შევაფასოთ ივანიშვილის რეჟიმი და იცით ჩემი წარმოდგენა მასზე, თადუმაძე მაინც გენერალური პროკურორია და მოქალაქეებს ბრალს უყენებს ყალბი დოკუმენტების შედგენისთვის. 362 -ე მუხლით 1000-ზე მეტი საქმეა გამოძიებაში ოფიციალური სტატისტიკით და როგორ შეიძლება გენერალურმა პროკურომა თავად არ გასცეს ადეკვატურ კითხვებს პასუხი და მისმა უწყებამ გამოძიება და დევნა აწარმოოს დოკუმენტების გაყალბებაზე
სხვების დიპლომები არაფერ შუაში არ არის, ამ საკითხზე კომენტირებას მე არ ვაპირებ. ჩვენ ვსაუბრობთ თადუმაძეზე. თუ ვინმემ სადმე კიდევ რაღაც გააყალბა და ვინმემ თუ დიპლომი იყიდა, ეს არანაირად არ უკავშირდება თადუმაძის შემთხვევას" - აღნიშნა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






