ვანო ზარდიაშვილი თავისით არ წასულა, ის გაუშვეს - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას, დატოვოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი.
ბესელია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს და ამბობს, რომ ის პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა.
ბესელია ამბობს, რომ ზარდიაშვილი ადრე უნდა წასულიყო.
დეპუტატის თქმით, ზარდიაშვილი გაუშვეს და როგორც კობახიძის შემთხვევაში, ახლაც ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა.
„ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ყოველთვის აგვიანებს რეაგირებებს. უფრო ადრე, მაშინ, როდესაც მე მათ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც და ამას ვეუბნებოდი, ვიდრე კობახიძე მართლა გადაწვავდა ამ პარლამენტს, მაშინ რომ დაეჯერებინა, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა. როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სამწუხაროდ, სანამ ფაქტი არ დადგა, იქამდე არ შეიგონეს, ისევე მოხდა ახლაც. ესეც დააგვიანეს.
გარწმუნებთ, ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება და შეუძლია უარი თქვას რამეზე, რაც მისთვის კომფორტულია. მას მანდატი დაატოვებინეს. ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს. რას დაწერს ზარდიაშვილი განცხადებაში, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს სხვისი დაწერილი ტექსტია“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






