"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია, სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატზე, ილია ჯიშკარიანზე წერს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მელიას თქმით, ქალი შველას ითხოვს და იმის მეათედი ხმაურიც არაა, რაც ხაჭაპურზე.
"ქართულ ოცნებას კვირაში ცხრა პარასკევი და ალბათ 29 სტანდარტი აქვს.
ხაზარაძე კინაღამ ხაჭაპურივით გამოაცხვეს იმ განცხადების გამო - დაადანაშაულეს სექსიზმში, ქალთა უფლებების დარღვევაში და ა.შ.
და რა ხდება ახლა? ქოცმა დეპუტატმა საკუთარი თაშემწის გაუპატიურება სცადა, მასზე ფიზიკურად იძალადა, ქალი შველას ითხოვს, სამართალს ეძებს და იმის მეათედი ხმაურიც არაა, რაც ხაჭაპურზე იყო!
გოდებდა ყველა - დაწყებული ქოცი მინისტრებიდან, დეპუტატებიდან, დამთავრებული რიგითი აქტივისტებით და მოხალისე მხარდამჭერებით! ნიუს ნიუსზე აცხობდნენ ხელისუფელების მიერ ნაკვები სააგენტოები და ფეიჯები. ახლა? არავისგან ჩამი-ჩუმი! პასუხი ერთი - დაველოდოთ გამოძიებას.
ის ვინც შენიშვნას იმსახურებს არაკორექტული განცხადების გამო, ანათემას გადასცა ქოც-საზოგადოებამ - ბულინგის მასტერკლასი ჩაუტარა და ის ვინც დასჯას და ციხეში გამომწყვდევას იმსახურებს, არც დაუკითხავს ხელისუფლებას! მის მხარდამჭერებს კი არც გაუკიცხავთ!
ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?" - წერს ნიკა მელია.
ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი აღნიშნულ ბრალდებაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






