ჭელიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.
"ჩოხატაურის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლამ ინგლისური ენისა და ისტორიის პედაგოგის ვაკანსია გამოაცხადა. ბაჩო ახალაძემ აღნიშნულ ვაკანსიაზე საბუთები ელექტრონულად შეიტანა. მალევე სკოლის ადმინისტრაციიდან მოუვიდა პასუხი, რომ წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი და გასაუბრებაზე დაიბარეს. რადგან ეს ახალგაზრდა ორივე ვაკანსიას აკმაყოფილებდა, დამთავრებული აქვს, როგორც ინგლისური ასევე ისტორია, სკოლის დირექტორმა, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, ასევე ზემო ხეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა და "მასწავლებელთა სახლის" წარმომადგენელმა ბაჩო ახალაძის აყვანასთან დაკავშირებით ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება.
მიზეზი კი გახლდათ ძალიან მარტივი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განათლება და საბუთები სრულიად აკმაყოფილებდა გამოცხადებულ ვაკანსიას, შესაბამისად როგორც აღვნიშნე, აიყვანეს სამსახურში და მიულოცეს წარმატება. თუმცა მეორე დღეს, დაუკავშირდა სკოლის დირექტორი, ვასილ ნიკოლეიშვილი უთხრა რომ ელექტრონულად ჩაბარებულ საბუთებში გარკვეული შეცდომა დაფიქსირდა და კონკურსი ხელახლა უნდა ჩავატაროთო. უნდა ითქვას, რომ კონკურსი სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 15 სექტემბერს ჩაატარეს და ახალაძე ხელახლა დაიბარეს ამ გასაუბრებაზე, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, არაუფლებამოსილმა პირმა, მას უთხრა, რომ გასაუბრება ფორმალური ხასიათის იყო და ამ ვაკანსიაზე ახალაძეს აიყვანდნენ. საბოლოო ჯამში, კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წერილობით შეატყობინეს, რომ გასაუბრება ვერ გაიარა.
დაბლოკეს იმიტომ რომ ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მხარდამჭერია"- აცხადებს იურისტი.
ლევან ჭელიძე ამბობს, რომ მას ხელთ აქვს სკოლის დირექტორის, ვასილ ნიკოლეიშვილის ჩანაწერი, სადაც ეს უკანასკნელი მას ეუბნება, რომ თვითონაც უკვირს რატომ დაიბლოკა ახალგაზრდა პედაგოგი.
"მე ვიცოდი, რომ ავიყვანე მასწავლებელიო და ხელი გაიშვირა რესურსცენტრის ხელმძღვანელისკენ, რომელიც გასაუბრებაში და მით უფრო მასწავლებლის შერჩევაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან შორენა სიხარულიძე დგას, რადგან ეს ბიჭი ნაციონალური მოძრაობის წევრია"- უთხრა "ნიუპოსტს" უფლებადამცველმა.
ლევან ჭელიძე აცხადებს, რომ თვითონაც შეესწრო ფაქტს, როდესაც ახალაძეს ერთ-ერთ დაწესებულებაში ღიად უთხრეს, რომ ის ოპოზიციური განწყობის გამო იბლოკება.
"ეს ბიჭი ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით იდევნება და სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მისი დაბლოკვა"- აცხადებს იურისტი და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.
მასალის გამოყენების პირობები






