23-25 სექტემბერს საქართველოს მოთხოვნით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტირების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა.
კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები გაიზიარა და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.
დადგენილ ვადაში (2019 წლის 30 აპრილამდე) კომპენსაციის გადაუხდელობის გამო, რუსეთს შესაბამისი პროცენტები დაეკისრება. მინისტრთა კომიტეტმა აგრეთვე მიუთითა რუსეთის ფედერაციას, რომ ევროპული კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე, კომპენსაციის გადახდა მისი "უპირობო ვალდებულებაა".
გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო, რომლის თანახმადაც, რუსეთმა საქართველოს 1.500 მოქალაქეს ჯამში 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
შეგახსენებთ, ეთნიკური ნიშნით ქართველები რუსეთმა ქვეყნიდან 2006 წელს მასობრივად გააძევა, ამასთან, ცინიკურად დაარღვია მათი უფლებები და ტრანსპორტირებისთვის სატვირთო თვითმფრინავი გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები






