სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი სულ ორჯერ ახსენა, პირველად, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია მაშინ მოხდა და მეორედ იმ კონტექსტში, რომ ახალი ფორმატები უნდა გაიხსნას და ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი უნდა იყოს გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაში.
სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია, რომ რუსეთი 2008 წლის შეთანხმებასა და იმ დროს დადებულ პირობას არ ასრულებს.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას უარყოფითად აფასებენ როგორც ექსპერტები, ასევე პოლიტიკოსები. გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტს, მინიმუმ, ჭკუა არ აქვს იმისთვის, რომ საერთაშორისო ტრიბუნიდან ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს.
"ქალბატონი პრეზიდენტი იმდენად საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ არ იყო ჩასული, რამდენადაც საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის მცდელობა აქვს გაეროს ტრიბუნიდან, აი ესეთ დღეშია ეს ადამიანი. შესაბამისად, რას ილაპრაკებს და რას არაა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ, რომ ქვეყანაში ვითარდება ძალიან სერიოზული სკანდალი მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი როდესაც მან დიდი სისულელე ჩაიდინა და შეიძლება ითქვას, რომ მორალური დანაშაული ჩაიდინა მინიმუმ, რა მნიშვნელობა აქვს რა ილაპარაკა, ჭკუა, რომ ჰქონდეს რა თქმა უნდა, ხმაურიან განცხადებებს გააკეთებდა" - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტს დააკლდა კონკრეტიკა და სიმწვავე.
"გზავნილები იყო მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევანი გაკეთებული და საქართველოს საგარეო ხაზი არის მკვეთრად გამოკვეთილი იყო საუბარი რეფორმებზე მაგრამ, სიმართლე გითხრათ ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, მეტი პრინციპულობა იყო საჭირო" - აღნიშნა ხუნდაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის თქმით კი, საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საუბრისას პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად სუსტი იყო.
"ყველაფერი შედარებითია ამ ქვეყნად. იმის გათვალისწინებით, როგორ და რას საუბრობს ქალბატონი პრეზიდენტი საქართველოში, კარგი გამოსვლა იყო უდავოდ. იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაა საქართველოში, როგორ გვჭირდება დიდი ყურადღება, ყველა ტრიბუნიდან საქართველოში ოკუპაციის გლობალურ საკითხთა რუკაზე მონიშვნა, ერთმნიშვნელოვნად სუსტი გამოსვლა იყო.
თუ შევადარებთ ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის და სხვა პრეზიდენტების გამოსვლებს, მაშინ უღიმღამოდაც კი მოგვეჩვენება. ჩვენი გასაჭირი ის არის, რომ თუკი ქალბატონი პრეზიდენტი რამე სასწაულს არ იტყვის, მაგალითად "რად გვინდა ნატოს წვრთნები" ან ამერიკული ბაზები და სხვა, უკვე გვიხარია. გამოსვლის ბოლო რამდენიმე წუთი ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თავადაც ეზარებოდა საკუთარი სოტყვის კითხვა და აუჩქარა, შესაბამისად მანამდე ისედაც მკრთალად მოციმციმე აქცენტები ბოლოსკენ სულ გაქრა"- აღნიშნავს ხიდაშელი.
რაც შეეხება უმრავლესობიდან დემარშით წასულ ეკა ბესელიას, მან აღნიშნა, რომ შინაარსობრივად სალომე ზურაბიშვილი იმ პრობლემებს შეეხო, რა პრობლემებიც დღეს საქართველოს წინაშე ყველაზე მეტად დგას და ეს არის პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა."ეს არის გემოვნების საკითხი, ვინ როგორ გამოხატავს ამ პოზიციას, მთავარი არის ის რომ პრობლემები უნდა დაისვას ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე და ვინ უფრი მკაცრად იტყვის, ეს უკვე გამოხატვის ფორმებია. სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლისას ოკუპაციაზე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე იყო საუბარი, ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე არ ისაუბრა" – განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავას თქმით კი მას არც ჰქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა რუსეთთან მიმართებაში კატეგორიული და მომთხოვნი იქნებოდა.
"მე არ მქონია რაიმე მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე დასამახსოვრებელი იქნებოდა პოზიტიურად, ან ის იქნებოდა კატეგორიულად მომთხოვნი რუსეთთან მიმართებაში და ის გამოეხმაურებოდა ბორდერიზაციის იმ მძიმე პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში, ან ის იქნებოდა იმ ადამიანების ლობისტი, რომლებსაც საკარმიდამო ნაკვეთში შემოუვიდა რუსის ჯარი" - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, პრეზიდენტმა რუსეთთან კონფლიქტზე და დიალოგის საჭიროებაზე საუბრისას არ დახატა სიტუაციის სრული დრამატულობა, რაც ქვეყნის საწინააღმდეგო კონტექსტის შექმნის ტოლფასია.
"მისი გამოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისი, როგორი ხელისუფლება გვყავს - ივანიშვილის გუნდის ყველაზე სამარცხვინო წარმომადგენელია ქალბატონი ზურაბიშვილი. ნულოვანი გზავნილი იყო იმისი, თუ რას მოელის საერთაშორისო საზოგადოებისგან საქართველო, რას ითხოვს და როგორია მისი ხედვა. ნულოვანი შეხება იმაზე, რატომ არის საქართველოს პრობლემები მთელი მსოფლიოსთვის საშიში და რატომ გვჭირდება მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა. მან სპეციფიურად არც კი ახსენა, რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენება და არ დასახა პრობლემად" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






