საქართველოს პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს უსმენენ. წინა ხელისუფლების პერიოდში აღნიშნულმა მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს მოქალაქეობა ჩამოართვა.
მოსამართლე გეწაძეს სწორედ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა შეახსენა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თქვა:
„მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო...
ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ „კი“ და „არა“, მე ვფიქრობ, არასაკმარისი იქნება. სამართლებრივად სწორი რომ იყო, ამაზე „კი“, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ იყო სამართლებრივად სწორი, თქვენ არ გსურთ ამაზე პასუხი?“ - მიმართა გეწაძემ დეპუტატს, რომელმაც მოსამართლეს სთხოვა პასუხი მოკლედ "კი" ან "არა" პრინციპით გაეცა.
შოთა გეწაძემ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს იყო მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი გადაწყვეტილება. მოქალაქეობა არ არის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამიტომაც სამართლიანი და კანონიერი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა“, - განაცხადა გეწაძემ.
მისი თქმით, მოსამართლის წარსული საქმიანობა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოს რეპუტაციას არ შეულახავს:
"ეს არ იმოქმედებს რეპუტაციაზე. მხოლოდ სამართლიანობაზე საუბარი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განსხვავებით სხვა საკითხებისგან, სამართლებრივად სწორი არ არის. ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაზე რომ ვსაუბრობთ, სამართლებრივ შეფასებას ვერ ავცდებით.
იყო ასეთი ვითარება, მოსარჩელე ივანიშვილსა და მოსარჩელე ხვედელიძეს, ორივეს გააჩნდათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მოსარჩელე ხვედელიძეს ასევე გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა. შემდგომში მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიენიჭებინა მათთვის საქართველოს მოქალაქეობა. განაცხადში ორივე მოსარჩელის შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
პრეზიდენტმა ორივეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. წლების შემდეგ, 2011 წელს პრეზიდენტმა ორივეს შეუწყვიტა მოქალაქეობა. მოსარჩელე ივანიშვილს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მაშინდელი კონსტიტუციური ჩანაწერით და ასევე, ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ, თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ზუსტად ეს იყო მაშინ სახეზე“, - განაცხადა გეწაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






