საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, თუმცა მედიის ძირითად კითხვებს არ უპასუხა,.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე გაბუნიამ თქვა, რომ თავადაც აინტერესებს, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა გამოკითხვაზე სადაო შეწყალების ავტორი სალომე ზურაბიშვილი, დიმიტრი გაბუნიამ უპასუხა: "თუ დაიბარებენ, ალბათ, მოვა" .
"რა შეკითხვასაც დამისვამენ, ყველა კითხვას ვუპასუხებ. შეწყალების თაობაზე არაფერი ვიცი. სიაც არ ვიცი, რასაც მკითხავენ, იმას ვუპასუხებ, ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ", - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. მედიამ გაარკვია, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის 20 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.
ამასთან, როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულების გარდა ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა.
მასალის გამოყენების პირობები






