ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ახალ დაკავებებს არ გამორიცხავს.
ზაზა სარალიძემ დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ საქმესთან შემხებლობაში მყოფებს დააკავებენ.
"სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა. ვგულისხმობ ბავშვებსაც, დამნახავებსაც. სამოხელეო ნაწილზე დაწყებულია გამოძიება. ვისაც ამ საქმეში ოდნავი წვლილი მიუძღვის, ყველა დაისჯება. საქმის მასალებიდან ძალიან კარგად იკვეთება, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მისაცემი. ეს შთაბეჭდილება აქამდეც შექმნილი მქონდა, მაგრამ დღეს რა თქმა უნდა, გამიმყარდა რამდენიმე მოწმის ჩვენებით", - განაცხადა სარალიძემ.
სამოხელეო დანაშაულზე მიანიშნებს ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლომჯარიძე:
„აუცილებლად უნდა დადგეს შედეგი სამოხელეო დანაშაულზე. საქმეში ნამდვილად იკვეთება სამოხელეო დანაშაული და ვფიქრობ, არც საზოგადოება არ გაჩერდება და მიადევნებს თვალყურს ბოლომდე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ყველა პირი, ვინც ამ კუთხით გამოიკვეთება, დაისჯება“, - თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






