პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებაზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინა პრეზიდენტების შემთხვევებშიც ხდებოდა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ არსებობდა გარკვეული, თუნდაც ცუდი ლოგიკა შეწყალებებთან დაკავშირებით. ფრაქციის თავმჯდომარის თქმითვე, გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით და არგუმენტებით მოხდა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ.
„როცა შეწყალებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, როცა ვაფასებდით მიხეილ სააკაშვილის ძალიან სუბიექტურ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით. ის შეწყალებას იყენებდა თავისიანებისთვის, ეს ვიცოდით. შემდეგ, იგივე პრაქტიკა გააგრძელა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, აქაც პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ და ვაკრიტიკებდით, მაგრამ ბოლო შემთხვევაში ეს ლოგიკაც კი არ ჩანს და ზუსტი პასუხი ამწუთას არ მაქვს, რის გამო შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის ადამიანები, რამაც სავსებით სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, გამოძიების შედეგები მოგვცემს საშუალებას ყველა საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცეს.
მასალის გამოყენების პირობები






