ხელისუფლების წარმომადგენლები კანონის უზენაესობაზე აპელირებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის პირველ პირს სადაო შეწყალებებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ოპოზიციაში კი თადუმაძის უწყებაში დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიება რეალურ შედეგს ვერ დადებს.
მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას სკეპტიკურად უყურებს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.
"ნიუპოსტთან" საუბრისას ექსპერტმა თქვა, რომ ხელისუფლება აღნიშნულ საქმეს გააჭიანურებს, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი.
"მოლოდინი არ მაქვს, რომ ჩვენ უმთავრეს კითხვაზე მივიღებთ პასუხს - რა საფუძვლით, კრიტერიუმებით, რა პროცედურებით მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ეს არის არსებითი საკითხი, რის შემდეგაც შეგვეძლება საუბარი - იყო თუ არა სახეზე დანაშაული, თუ იყო საკუთარი ექსკლუზიური უფლება-მოსილების ფარგლებში, სხვისთვის შეიძლება არაოპტიმალური, მაგრამ რაღაც დასაბუთებით მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება არ ნიშნავს კანონზე და სახელმწიფოზე ძალადობას"- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
იურისტი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა აღნიშნული სკანდალური შეწყალებით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მთავრობა, რომლებმაც ის პრეზიდენტის სავარძელში ჩასვეს.
"პრეზიდენტმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მმართველი გუნდი. რადგან ყველას გახსოვთ, წინა პრეზიდენტის ქეისი, რომლის მიმართაც დაახლოებით ანალოგიურ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა. ამ ხელისუფლებამ სააკაშვილის წინააღმდეგ არათუ გამოძიება დაიწყო, არამედ სასამართლო განაჩენიც არის დამდგარი.
რაც შეეხება უშუალოდ გამოძიებას, აქაც ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მთავრობა მის მიერ რამდენიმე თვის წინ მხარდაჭერილმა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტად მოვლენილმა სალომე ზურაბიშვილმა. ახლა ხელისუფლების ინტერესშია, სკანდალური ამნისტიის დასაბუთების ნაწილი არ იყოს საჯარო. ამის საუკეთესო საშუალება არის გამოძიება, პროკურატურა, რომლის ობიექტურობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ცნობილია, რომ დღევანდელი ხელისუფლება გამოძიების "საიდუმლოებას" კარგად იყენებს, დაცვის მხარესაც კი აფრთხილებს ხელწერილით, რომ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების დეტალები საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი. სწორედ ასეთ გამოძიებას ამოფარებული ხელისუფლება და პროკურატურა ჩვენ გვეტყვის - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ დეტალებზე ვერ ვისუაბრებთო და ამას გამოძიების საიდუმლოებად შეფუთავენ. ცოტახანს ასე გაწელავენ საქმეს. თუ ეს თემა არ გაცვდა და საზოგადოება ისევ დასვამს კითხვებს იტყვის, რომ დასკვნით ეტაპზე არიან. ბოლოს კი იტყვის, რომ დავამთავრეთ გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რადგან დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოვაჩინეთო. ჩემი აზრით, პროცესუალური სისხლის სამართლებრივი გამოძიება არ იქნება ეფექტური. რეალურად, ობიექტურობის დეფიციტის პირობებში, ეს გამოძიება უფრო მეტად იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ინსტრუმენტი, ვიდრე საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილების ინსტრუმენტი"- განმარტა ალაფიშვილმა.
ექსპერტი თვლის, რომ შეწყალების საქმეზე გამოძიება საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს, რადგან პროკურატურას საზოგადოების თვალში ნდობა არ აქვს.
"რეალურად, პირდაპირი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტზე, როდესაც თანამდებობის პირზე, პრეზიდენტზეა საუბარი, მას უნდა დავუპირისპიროთ, ასევე უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კოსნტიტუციური ინსტიტუტი - პარლამენტი. პარლამენტში კი ამის ფორმატი არის საგამოძიებო კომისიის შექმნა"- დასძინა მან.
ალაფიშვილისვე თქმით, ხელისუფლებამ პროცესების პროკურატურაში გადატანით შექმნა გარკვეული მოლოდინი, რომ თემას არ ჰქონდეს მეტი მსვლელობა.
"დააკვირდით ხელისუფლების განცხადებებს, რომლებმაც ობიექტურობისთვის თავდაპირველად ხისტი განცხადებები გააკეთეს, თუმცა, დღეს უკვე აპელირებენ იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება უკვე კარგი ნაბიჯია. "ქართულ ოცნებაში" ესმით, რომ თუ პროცესები უფრო შორს წავიდა, ერთადერთი გამოსავალი რჩებათ - იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გამოძიების დაწყება მაშველ რგოლად მოიფიქრეს, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა აღმოაჩინონ ეს რეზონანული თემა"- განმარტა ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის 20 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. გაირკვა ისიც, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






