"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტის განცხადებას RMG-სთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
“ბოლო დღეებში საზოგადოება შეშფოთებულია პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტით, რაზედაც ევროპული საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, ახლა მინდა თქვენი ყურადღება მივმართო პრეზიდენტის კიდევ ერთ შემაშფოთებელ განცხადებაზე.
სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია RMG. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია ,,არ-ემ-ჯის” გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისათვის, „რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისა და რეგიონისათვის“.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ RMG - ისა და ქართული ოცნების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად განადგურდა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო.
ასევე, არ არის გაზომილი, თუ რა საფრთხე შეექმნება ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს და ხულუტის ციხეს აფეთქებების შედეგად და არ არის გამოკვლეული, თუ რა საფრთხეს შეუქმნის ფიტარეთის მონასტრის ფრესკებს აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი მტვერი.
შემაშფოთებელი და საგანგაშოა კიდევ ერთი ფაქტი, 2013, 2014, 2016 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანია RMG-ის შემოწმება ჩაატარა. დარღვევის მასშტაბები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2013 -2014 წლებში ერთ შემთხვევაში 29 153 880 ლარით შეფასდა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1 078 188 ლარით. ამ მომენტისთვის ირკვევა, რომ კომპანიას აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.
აქვე, მინდა საზოგადოებას გავახსენო 2018 წლის იანვარში მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო კვლევის პლატფორმის კვლევის ფარგლებში შესწავლილი RMG-ის საქმიანობის შედეგად დაბინძურებული გარემოს მასშტაბები. კერძოდ, კვლევა ჩატარდა RMG-ის საწარმოს მიმდებარედ - მდინარე მაშავერას, კაზრეთულას და სხვა ჩამდინარე წყლებში, და გამოკვლეული იქნა მძიმე ლითონების შემცველობა. შედეგებმა აჩვენა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგებსა და წყლებში მძიმე ლითონებით დაბინძურების მაღალი ხარისხი, როგორც 2017 წლის ივლისსა და ოქტომბერში, ასევე, ნოემბერში. კვლევაში, ასევე, განმარტებულია, თუ რამდენად მავნე ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ამ მდგომარეობას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ევროპულმა საქართველომ მოითხოვა საპარლამენტო კომისიის შექმნა RMG GOLD-თან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად, რაც დღემდე არ მომხდარა. იმ პირობებში, როდესაც არ ხდება ზიანის ადეკვატური ანაზღაურება, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, კვლავ დადგეს დღის წესრიგში მოთხოვნა RMG GOLD მიერ მიყენებული ზიანის დათვლის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილი წარმატებულად აგრძელებს ქართული ოცნების მიერ დაწყებულ ქვეყნისთვის მავნებლურ და დამაზიანებელ საქმიანობას, ვთვლი, რომ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება დანაშაულის წახალისება და ცინიზმის ღია გამოვლენაა.” - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






